ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ჯარის საბრძოლო მზადყოფნის უეცარი შემოწმება მიმდინარეობს
ოკუპირებულ აფხაზეთში 3 ათასზე მეტ რუს სამხედროს უეცარ საბრძოლო მზადყოფნაზე ამოწმებენ.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახური ავრცელებს.
შემოწმებაში ჩართულია 500-ზე მეტი ერთეული ტექნიკა, მათ შორის საბრძოლო მანქანები – ჰაუბიცები, ტანკები, ჯავშანმანქანები, ტყვიამრქვევი დანადგარები “სანი”, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები ს-300, “გრადი”, “აკაცია” და სხვა.
აღინიშნება, რომ ღონისძიება ტარდება სანიტარული, ეპიდემიოლოგიური და ეკოლოგიური უსაფრთხოების მკაცრი დაცვით.
მანამდე, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების საბრძოლო მზადყოფნის უეცარი შემოწმების ფარგლებში, ღონისძიებაში ჩაერთო 149 ათასზე მეტი ჯარისკაცი, 26,8 ათასზე მეტი ერთეული ტექნიკა, 414 საფრენი აპარატი, 10 გემი.
მისივე თქმით, შემოწმების ფარგლებში დაგეგმილია ტაქტიკური ხასიათის 56 სწავლება, ამოქმედებული იქნება 35 პოლიგონი და სასწავლო ველი, ასევე შავი და კასპიის ზღვის 17 საზღვაო პოლიგონი.