პრეზიდენტი: მზად ვარ, შევეცადო უკრაინასთან ურთიერთობებისა და ჩვენ შორის არსებული ტრდიციული მეგობრობის განახლებას

მზად ვარ, შესაძლებლობისთანავე განვახორციელო უკრაინაში დიდწილად, კოვიდის მიზეზითა და შესაძლოა, არა მხოლოდ ამის გამო, გადადებული ვიზიტი, შევეცადო უკრაინასთან ჩვენი ურთიერთობებისა და ჩვენ შორის არსებული ტრადიციული მეგობრობის განახლებას , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა დისკუსიაზე, რომელიც პანდემიის პერიოდში საქართველოს გამოცდილებას შეეხებოდა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის მიმართ პროვოკაციული ტონი, რომელიც ასევე შეიცავს ხელისუფლების არალეგიტიმურად დახასიათებას და მომდინარეობს უცხო ქვეყნის სამსახურში მყოფი, უცხო ქვეყნის მოქალაქისგან, უარყოფითად მოქმედებს ორმხრივ ურთიერთობებზე.

„ყველამ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორობა უკრაინასთან. ამ ქვეყანასთან ვიზიარებთ საერთო წარსულსა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას.

ამ პარტნიორობის დასუსტების ნებისმიერი მცდელობა, ამ მნიშვნელოვან პერიოდში, როდესაც ევროკავშირი თავისი მომავლის ფორმირების პროცესის ფარგლებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ასოცირებული წევრების ადგილისა და მათი მომავლის გადახედვას გეგმავს, მხოლოდ დაასუსტებს ჩვენს ორ ქვეყანასა და საქართველო-უკრაინის გავლენას ამ გადამწყვეტ განხილვაში.

მინდა თქვენ და თქვენი საშუალებით თქვენს ხელისუფლებებს მოგმართოთ, მოახდინოთ ზომიერი და საგულისხმო გავლენა, წაახალისოთ გარკვეული რაციონალურობა, რათა საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობა ორივე სახელმწიფოს საერთო ინტერესების გათვალისწინებით წარიმართოს.

პირადად მე მზად ვარ, შესაძლებლობისთანავე განვახორციელო დიდწილად კოვიდის მიზეზითა და შესაძლოა, არა მხოლოდ ამის გამო გადადებული ვიზიტი, შევეცადო ჩვენი ურთიერთობებისა და ჩვენს შორის არსებული ტრდიციული მეგობრობის განახლებას.

ასეთი ურთიერთობა აუცილებელია ევროკავშირსა და ნატოში ჩვენი საერთო გზისა და ასევე, შავი ზღვის პროექტების განახლებული მნიშვნელობის ფონზე, რომელიც დამოკიდებულია საქართველოს, უკრაინის, რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის თანამშრომლობაზე“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები