პარლამენტმა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტის რიგგარეშე სესიის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებებს კენჭი მეორე მოსმენით უყარეს.
კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი ერთი იყო.
ცვლილებები დეპუტატებს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა წარუდგინა. მისი განცხადებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონის ახალ რედაქციაში დავიწროვდა პრინციპები, რა დროსაც კომისიას დროებითი მმართველის დანიშვნა შეუძლია.
კანონპროექტში ჩაიწერა, რომ კომისიას დროებითი მმართველის დანიშვნა შეუძლია, როდესაც ქვეყნის ეკონომიკური ინტერესები, მომხმარებლის ინტერესები და ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემო ირღვევა.
ბექა დოჭვირის განცხადებით, დროებითი მმართველი განუსაზღვრელი უფლებამოსილებით არ არის აღჭურვილი და კომპანიაში შედის მხოლოდ იმისთვის, რომ კომისიის გადაწყვეტილება შეასრულოს.
აღინიშნა, რომ ზუსტდება 34-ე და 35-ე მუხლებიც, რომლებიც ელექტრონულ საკომუნიკაციო ქსელების შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულებას, სატარიფო რეგულირებასა და ხარჯთაღრიცხვის ვალდებულებას ეხება.
საკომიტეტო მოსმენებიდან გამომდინარე, ცვლილება შეეხო წილების გასხვისების უფლებასაც. კომისიას ენიჭებოდა კომპანიის წილების გასხვისების უფლება იმ შემთხვევაში, თუ კომპანია კომისიის გადაწყვეტილებას არ შეასრულებდა.