გამახარია: ვსწავლობთ „საერთაშორისო ჟურნალისტთა ასოციაციის“ წესდებას – ჰქონდათ, თუ არა უფლება, არაღიარებული ტერიტორიის ჟურნალისტთა გაერთიანება თავის შემადგენლობაში მიეღოთ
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ჯემალ გამახარია ეხმაურება ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, “აფხაზეთის ჟურნალისტური კავშირი” „საერთაშორისო ჟურნალისტურ ასოციაციაში“ წევრად მიიღეს.
„ეს არ არის სასიამოვნო ინფორმაცია. ეს არის „რუსეთის ჟურნალისტთა ფედერაციის“ ორწლიანი მუშაობის შედეგი, როგორც ისინი ამბობენ.
„საერთაშორისო ჟურნალისტურ ასოციაციაში“ აფხაზეთის ფე ფაქტო „ჟურნალისტთა კავშირი“ არის ასოცირებულ წევრად მიღებული. ახლა ვარკვევთ, ასოცირებულია ჯერ „რუსეთის ჟურნალისტთა ფედერაციაში“ და მერე ასეა იქ მიღებული, თუ პირდაპირ ასოცირებული წევრია.
ჩვენ ვსწავლობთ „საერთაშორისო ჟურნალისტთა ასოციაციის“ წესდებას – ჰქონდათ, თუ არა უფლება, არაღიარებული ტერიტორიის ჟურნალისტთა გაერთიანება თავის შემადგენლობაში მიეღოთ“, – განაცხადა გამახარიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.