დავით ნარმანია “ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ” კანონში ცვლილებებზე: დარწმუნებული ვარ, პარლამენტი დოკუმენტს მხარს დაუჭერს
“დარწმუნებული ვარ, პარლამენტი დოკუმენტს მხარს დაუჭერს”, – ამის შესახებ სემეკ-ის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ “ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ” კანონპროექტის კომენტირებისას განაცხადა.
ნარმანია აცხადებს, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები გათვალისწინებულია.
“გუშინ ჩვენ შევთანხმდით იმაზე, სხვა დათქმები, რაც ორ ადგილას იყო კანონპროექტში, იქნებოდა ამოღებული და ის, რასაკვირველია, ამოვიღეთ. ასევე, ჩვენი შეთავაზება იყო ის, რომ კანონპროექტი არ შეეხოს ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრ სახელმწიფოებს, მათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. შესაბამისად, აღნიშნული ცვლილებაც არის გათვალისწინებული და ასახული.
ვინაიდან ყველა საქმიანი შენიშვნა და მოსაზრება არის გათვალისწინებული, დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტი მხარს დაუჭერს”, – განაცხადა ნარმანიამ.
ცნობისთვის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია შესაძლოა, უფლებამოსილი გახდეს, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომუშავე კომპანიებს 5 პროცენტზე უფრო მეტი წილის/აქციების გასხვისება აუკრძალოს.