არეშიძე საოკუპაციო ძალების მიერ გახელაძის დაჭრასა და დაკავებაზე: არ არის გამორიცხული, რომ ეს რაღაც დიდი გეგმის ნაწილია, რომელიც ქართული მხარის პროვოცირებას გულისხმობს

“არ არის გამორიცხული, რომ ეს რაღაც დიდი გეგმის ნაწილია, რომელიც ქართული მხარის პროვოცირებას გულისხმობს”, – ამის შესახებ კონფლიქტოლოგი, მამუკა არეშიძე საოკუპაციო ხაზთან განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას აცხადებს. არეშიძემ განცხადება მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„ოფიციალური ცხინვალი რამდემიმე ხანია, რაც აქეთ გადმოვიდა შეტევაზე. ამას ვხსნიდით იმით, რომ მოსკოვს ძალიან უნდა, არ იყოს მუდმივად თავის მართლების რეჟიმში თავისი სატელიტების ქცევის გამო ტატუნაშვილის, ოთხოზორიას, ბევრი სხვა ფაქტიდან გამომდინარე. არ არის გამორიცხული, რომ ეს რაღაც დიდი გეგმის ნაწილია – გეგმისა, რომელიც ქართული მხარის პროვოცირებას გულისხმობს. გავითვალსიწინოთ, რომ 1989 წლიდან დღემდე თუ რამე მომხდარა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, ეს არის, ერთი მხრივ, პროვოცირებული რუსეთის მიერ და, მეორე მხრივ, ეს ზოგ შემთხვევაში არის ქართველების გამოუცდელობოს გამო, ზოგ შემთხვევაში კი – არსწორი გათვლების გამო, როგორც 2008 წელს – პროვოკაციაზე წამოგება. ყოველთვის ასე ხდება, რატომ უნდა ვიფიქროთ, რომ ახლა იგივე არ მოხდება?
პირობით საზღვართან, ე.წ. სამხრეთ ოსეთთან მიმდინარე მოვლენებს რაც ეხება – ეს პრესტიჟის საქმეა. ჩემთვის, მაგალითად, ეს არის პროვოკაციის საწინდარი, ანუ ამით ხდება რაღაცის პროვოცირება. ასე უნდა შევხედოთ გახელაძის დაჭრას. უნდა დამტკიცდეს, რომ ტყუილს ამბობს ცხინვალის უშიშროება, როცა აცხადებს, რომ ის საპასუხო ცეცხლის დროს დაიჭრა. უნდა იყოს მკაფიოდ გამოხატული, რა ადგილასაა დაკავებული, ეს მსოფლიო საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს. მსოფლიო საზოგადოებამ უნდა იცოდეს მკაფიოდ, რომ ასეთი ექსცესები ხდება მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ აიძულონ ქართული მხარე, საზღვართან დაკავშირებით დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. ვიღაცამ შეიძლება, პანიკად ჩაგვითვალოს, მაგრამ ჯობს, პანიკად ჩაგვითვალოს განგაშის ატეხვა, ვიდრემ მოხდეს ის, რაც მოხდა ადრე – პირისპირ აღმოვჩნდით ძალიან სერიოზულ მოწინააღმდეგესთან”, – განაცხადა არეშიძემ.
შეგახსენებთ, 33 წლის მამაკაცი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საოკუპაციო ხაზთან რამდენიმე დღის წინ დააკავეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ დაკავებისას ე.წ. მესაზღვრეებმა ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც ზაზა გახელაძე ფეხის არეში დაიჭრა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები