საოკუპაციო ზოლიდან გატაცებული ზაზა კახელაძე ახალგორიდან ცხინვალში გადაიყვანეს
კასპის მუნიციპალიტეტში გამყოფი ხაზის მიმდებარედ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებულო 33 წლის ზაზა კახელაძე, მარიონეტულმა რეჟიმმა დღეს დილით ახალგორის იზოლატორიდან ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. აღნიშნული ინფორმაცია “რეგიონულ კვირას” სოფელ ქვემოჭალის ტერიტორიული ერთეულის რწმუნებულმა სტეფანე მესროფაშვილმა დაუდასტურა.
“გიდასტურებთ ამ ინფორმაციას. დილით ვესაუბრე დაკავებულის დედას და მითხრა, რომ უკვე ცხინვალში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია”, – ამბობს სტეფანე მესროფაშვილი.
ამ დროისთვის, გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფელ ქვემო ჭალაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები იმყოფებიან. მისიის მონიტორები გამყოფ ხაზთან, სხვილოს ციხის სიახლოვეს, იმ ტერიტორიაზეც იმყოფებოდნენ, სადაც ზაზა გახელაძე უკანონოდ დააკავეს. სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები კახელაძის ოჯახის წევრებსაც შეხვდნენ.
ცნობისთვის, გუშინ საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის უკანონო დაკავებისა და დაჭრის ფაქტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაადასტურეს.
“მიმდინარე წლის 11 ივლისს, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, კასპის მუნიციპალიტეტში არსებული სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები ერთი პირი.
უკანონო დაკავების პროცესში, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა აღნიშნული პირი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაჭრეს ფეხის არეში და აღნიშნულის შემდეგ უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ჩადენილი ზემოაღნიშნული მძიმე ინციდენტის ფაქტზე, დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმირებულ იქნა როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები.
აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს სახიფათო პრეცედენტს. კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ უკანონო დაკავებების საშიში პრაქტიკა ქმნის მძიმე ინციდენტებისა და ვითარების ესკალაციის ნიადაგს. საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო აქტივობები არის დესტრუქციული და კრიტიკულად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.