სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 70 000-ზე მეტ ფერმერს უკვე დაერიცხა აგროქულები
სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის – „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ ფერმერები და მეწარმეები სახელმწიფოსგან მნიშვნელოვან მხარდაჭერას იღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
“10 ივლისის მონაცემებით:
• სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 70 000-ზე მეტ ფერმერს უკვე დაერიცხა აგროქულები. დარიცხული სუბსიდიის ოდენობა 14 მლნ ლარს აჭარბებს. აგროქულების დარიცხვა გრძელდება.
• აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამით უკვე 90,000-ზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა. ფერმერებმა 25,000 ტონაზე მეტი მოცულობის აგროდიზელის ფასდაკლების ბარათები მიიღეს. იმ ფერმერებმა, რომლებმაც უკვე გაანაღდეს ფასდაკლების ბარათები, ჯამურად, 3 მლნ-მდე ლარი დაზოგეს.
• აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, გაცემულია 14,000-ზე მეტი პოლისი. დაზღვეულია 15,000 ჰექტრამდე მიწის ფართობი, ხოლო დაზღვეული მოსავალის ღირებულება 134 მილიონ ლარს აღემატება.
• მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, იმერეთის, კახეთის, სამეგრელო და ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონიდან შემოსულია 1000-ზე მეტი განაცხადი.
• შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამით ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიმდინარე ხარჯების დაფინანსების უზრუნველყოფისათვის, სახელმწიფო 6 თვის საპროცენტო განაკვეთს სრულად ფარავს. გაცემულია 1317 აგროსესხი, სესხის თანხა, ჯამურად, 24 მლნ ლარს აჭარბებს, მათ შორის, სააგენტოს მიერ პროცენტის გასაცემი თანადაფინანსება 1,9 მლნ ლარს აჭარბებს
• აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის პირობებთან შესაბამისობაშია წარმოდგენილი 380-ზე მეტი განაცხადი. აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 10 მლნ ლარს”, – ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.