“ძვირფასო“ ოპოზიციავ, თქვენი პირადი და არასახელმწიფოებრივი ზრახვების მისაღწევად ყველაფერს ცდილობდით და ცდილობთ. გამალებით ეწევით ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის დისკრედიტაციას, ამგვარი ჩასაფრებული და მუხთალი პოზიციით სრულიად უარყავით ზოგადად არსებული ფენომენი მეცენატობისა, ანუ ჩვენი ქვეყნის ისტორიული წარსული”,-ამის შესახებ განათლებისა და სოციალური უსაფრთხოების ექსპერტმა, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ-კანცლერმა, რუსუდან თევზაძემ განაცხადა.
“ცნობილია, რომ სწავლა-სწავლების პროცესში, საგანმანათლებლო სპეციფიკიდან გამომდინარე, აუცილებელია ფაქტის კონსტატაცია, ყოველგვარი უტრირებისა და დამახინჯების გარეშე. რაც შეეხება ფაქტების შემდგომ ობიექტურ თუ სუბიექტურ შეფასებას, ის დამოკიდებულია ინდივიდის შიდა და გარე მოტივაციაზე წინასწარ ჩაფიქრებული მიზნიდან გამომდინარე.
დიახ, „ძვირფასო“ ოპოზიციავ, თქვენი პირადი და არასახელმწიფოებრივი ზრახვების მისაღწევად ყველაფერს ცდილობდით და ცდილობთ. გამალებით ეწევით ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის დისკრედიტაციას, ამგვარი ჩასაფრებული და მუხთალი პოზიციით სრულიად უარყავით ზოგადად არსებული ფენომენი მეცენატობისა, ანუ ჩვენი ქვეყნის ისტორიული წარსული.
მოვიყვან მაგალითებს და აბა გაბედეთ და იგივე თქვით მათ საქმიანობაზე, ცხადია, ვერ კი არა, არ გადადგამთ ამ ნაბიჯს, ვინაიდან ეს თქვენი პოლიტიკური სახის საბოლოო ლუსტრაცია იქნება.
თქვენ ხომ მხოლოდ პიროვნება გაინტერესებთ და მის მიმართ ბოღმა და შური გამოძრავებთ.
ფონდ „ქართუს“ მიერ, ქვეყნისათვის გაკეთებულ სასიკეთო საქმეების ჩამონათვალი ძალიან შორს წაგვიყვანს, ეს ცხადზე ცხადია, ნათელია და რაც უმთავრესი ფაქტია, ფაქტი, რომელსაც ვერაფერი შეცვლის.
კარგად წაიკითხეთ და დაიმახსოვრეთ!
დავით სარაჯიშვილის მეცენატობის მცირე ჩამონათვალი:
ფინასურად მონაწილეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მშენებლობაში. დიდ თანხებს ხარჯავდა ეკლესია-მონასტრების მშენებლობასა თუ რესტავრაციაზე. მისივე ფინანსებით რესტავრაცია ჩაუტარდა სვეტიცხოველს, მცხეთის დედათა მონასტერს, იკორთის, მარტყოფის, კალოუბნის და მრავალ სხვა ეკლესიას. დავითის რჩევითა და ფინასებით აიგო სამთავისის ეკლესიის ასლი. მის სახელს უკავშირდება საქართველოში საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების შექმნა.
დაარსა კომიტეტი, რომელსაც ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა ევალებოდა. დავითი მათ საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიებს უნიშნავდა. დავითის სტიპენდიანტებს შორის ბევრი შემდგომში ცნობილი მოღვაწეა, მათ შორის კომპოზიტორი ზაქარია ფალიაშვილი, მომღერალი ვანო სარაჯიშვილი, მხატვარი გიგო გაბაშვილი, მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძე, კათალიკოსი კალისტრატე ცინცაძე და მრავალი სხვა.
ზუბალაშვილების მეცენატობის მცირე ჩამონათვალი:
მათ სახელს უკავშირდება „სახალხო სახლის“ ბიბლიოთეკა-სამკითხველოს აგება. 1908 წელს ქალაქის გამგეობამ საჩუქრად მიიღო აღნიშნული შენობები (ახლანდელი მარჯანიშვილის თეატრი). ძმებმა ზუბალაშვილებმა ქართველთა შორის „წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას“ გადასცეს მნიშვნელოვანი ქონება. მათი დახმარებით მრავალ ნიჭიერ ახალგაზრდას გზა გაეხსნა უმაღლესი განათლების მისაღებად უცხოეთში. მათ ააშენეს თბილისის მუსიკალური სკოლის შენობა (ახლანდელი ნიჭიერ ბავშვთა სამუსიკო გიმნაზია), უპოვართა სახლი მოხუცთათვის (ახლადელი ბავშვთა პირველი საავადმყოფო). აფინანსებდნენ გაზეთ „ივერიას“ და ჟურნალ „ჯეჯილის“ გამოცემებს.
აკაკი ხოშტარიას მეცენატობის მცირე ჩამონათვალი:
მისი ინიციატივით განხორციელდა მთელი შავიზღვისპირა ბულვარებისა და ბაღების გაშენება-რეკონსტრუქცია, რომელთა შორისაა ბათუმის ბულვარი, გაგრის პარკი, მახინჯაურის ბოტანიკური ბაღი. იგი აქტიურად ეწეოდა საქველმოქმედო და საზოგადოებრივ საქმიანობას.
1907 წელს, თბილისში ახლადშექმნილ საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებას ბაქოდან 8 000 მანეთი გამოუგზავნა. 1920 წელს მანვე შეიძინა საზღვარგარეთ ოთხი სამხედრო გემი და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას გადასცა საჩუქრად. აფინანსებდა ქართველ სტუდენტებს საზღვარგარეთ.
და რა ვქნათ ახლა, „გონიერო და ქვეყნის პატრიოტო ოპოზიციავ“, საქართველოს მტრებად გამოვაცხადოთ ეს ადამიანები და გავასამართლოთ კიდეც, რომ ჰქონდათ ფინანსური შესაძლებლობა და რაც მთავარია სურვილი, მიეღოთ მონაწილეობა ქვეყნის აღმშენებლობაში?
დღევანდელ დღესაც, საბედნიეროდ, უამრავი მსგავსი ფაქტია ფონდ „ქართუსა“ და ბატონი ივანიშვილის მიერ განხორციელებული, რომელიც ისტორიას და რაც მთავარია საქართველოს მომავალ თაობას დარჩება.
თქვენ კი, კვლავ შეთითხნით შეთქმულებისა და კონსპირაციულ თეორიებს, დაგეგმავთ რევანშებს და ესოდენ ძვირფასი დრო ისე გაგექცევათ, რომ თქვენი საქმე მხოლოდ „ურაპატრიოტიზმი“ იქნება”, – აცხადებს რუსუდან თევზაძე.