რომან კაკულია: მიგვაჩნია, რომ ეკონომიკის გახსნის შემთხვევაში, მასზე უფრო მეტი ტვირთი იქნებოდა

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეკონომიკის გახსნის შემთხვევაში, მასზე უფრო მეტი ტვირთი იქნებოდა, – ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ ტელეკომპანია „იმედის” ეთერში განაცხადა.

„პანდემიის დაწყების შემდეგ, ბევრი ეკონომისტი მსოფლიოში ამბობდა, რომ ეკონომიკური რეცესია ეს არის არამხოლოდ შედეგი, არამედ ამ პანდემიის მკურნალობის საშუალება. ეს მძიმე დასკვნა იყო, მაგრამ ეს არის ის დიაგნოზი, რომელიც დაისვა და ეს იყო სწორი. სამწუხაროდ, სხვანაირად ამის მკურნალობა რომ არ შეიძლებოდა ეს დადგინდა. მე ვეთანხმები, ბატონ ვანო მაჭავარიანს – ჩვენ რომ გაგვეხსნა საზღვარი და ვირუსის გავრცელების 10 შემთხვევა დაფიქსირებულიყო, ოპოზიცია იტყოდა, რომ რა დროს ეკონომიკა იყო, როდესაც ადამიანების ჯანმრთელობაზეა საუბარიო და ახლა ეს თემა არის პირიქით “, – განაცხადა რომან კაკულიამ.

მისივე თქმით, მეორე რეკომენდაცია, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ საერთაშორისო მასშტაბით გაიცა არის ის, რომ მთავრობებს მოუწევთ არაპოპულარული გადაწყვეტილებების, რაც გამოწვევაა და იმედია, რომ საზოგადოების სწორად შეაფასებს ამ გადაწყვეტილებებს.

„არ არსებობს გადაწყვეტილება, რომელსაც არ ექნება უარყოფით მხარე. უბრალოდ, სასწორზეა საუბარია, შენ როგორ მიგაჩნია, რომელ მხარეს უფრო მეტი ტვირთია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ უფრო მეტი ტვირთი არის იმ მხარეს, თუ ჩვენ ეკონომიკას გავხსნიდით, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად ვხედავთ შედეგებს, როდესაც ადამიანი უმუშევარი დარჩა, ვიღაცას შეიძლევა წასვლა უნდოდა სხვა ქვეყანაში და სხვა. ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ჩვენ ვთვლით, რომ ტვირთი ეკონომიკაზე გაცილებით მაღალი ხარისხის იქნებოდა თუ შემოვიდოდა დესტაბილიზაცია, რომელიც შემოაქვს უკვე ვირუსის გავრცელების ფაქტორს და იმ გარკვეულ პანიკას, რომელიც ამას თან ახლავს ხოლმე”, – განაცხადა რომან კაკულიამ.

მისივე თქმით, მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს საუბარი იმის თაობაზე, რომ საერთაშორისო ტურიზმში ადამიანები აღარ დახარჯავენ თავიანთი დანაზოგების დიდი ნაწილს.

„ახლა ჩვენ შიდა ტურიზმისთვის მეტ-ნაკლებად კარგი მოცემულობა გვაქვს, სწორედ იმიტომ, რომ დაკეტილია ქვეყანა. ქვეყნის გახსნის შემთხვევაში, ეს მოცემულობა დაზიანდებოდა”, – განაცხადა რომან კაკულიამ.​

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები