ეროვნულ ბიბლიოთეკას საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე ეწვია
დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკას საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე ეწვია.
ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, მინისტრსა და სტუმრებს უმასპინძლეს: ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ, გენერალური დირექტორის მოადგილემ მირიან ხოსიტაშვილმა და ადმინისტრაციული მართვის დეპარტამენტის დირექტორმა სოფიო გელუკაშვილი-მოსიამ.
თინათინ რუხაძემ მოინახულა წიგნის მუზეუმი და ივანე მაჩაბლის სახელობის ახლად რეაბილიტირებული დარბაზი. სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოების ფარგლებში ეროვნული ბიბლიოთეკის პირველი კორპუსის ეს უნიკალური დარბაზი პირვანდელი იერსახის დაცვით აღდგა.
აღსანიშნავია, რომ სამუშაოები სრულად შესრულდა სამშენებლო კომპანია „ანაგის“ სპონსორობით. ქველმოქმედების ამ მნიშვნელოვანი მაგალითისთვის ეროვნული ბიბლიოთეკა მადლობას უხდის ანაგის გუნდს და კომპანიის ხელმძღვანელს ზაზა გოგოტიშვილს.
უახლოეს პერიოდში დარბაზში განთავსდება წიგნის მუზეუმის ექსპოზიციის ნაწილი. დარბაზი მკითხველთა მომსახურებასთან ერთად სხვადასხვა კულტურულ და საგანმანათლებლო ღონისძიებასაც უმასპინძლებს.