ეკატერინე ტიკარაძე: ევროპის მიმართულებით ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით ქვეყნებთან ინდივიდური მოლაპარაკებები მიმდინარეობს
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა ევროპის ქვეყნების ნაწილთან, თუ რა პირობები უნდა იყოს დაცული საქართველოდან გამგზავრებისა და კონკრეტული ქვეყნებიდან მგზავრების მიღების შემთხვევაში.
მისივე თქმით, გამოკვეთილია ქვეყნები, საიდანაც მგზავრების მიღებას საქართველოს ეპიდსიტუაციაზე უარყოფითი გავლენა არ ექნება.
„თქვენ იცით, რომ საქართველო ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან ერთად მოხვდა იმ 15 ქვეყნის სიაში, რომელსაც ევროკავშირი აღიარებს მწვანე ქვეყნად და, შესაბამისად, მზად არის, გაუხსნას საზღვრები. აქ არის გამოკვეთილი გარკვეული ქვეყნები, სადაც ეპიდსიტუაცია არის საქართველოს მსგავსი, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყნებიდან ფრენების აღდგენას საქართველოსთვის არ ექნება ეპიდსიტუაციაზე უარყოფითი გავლენა. ჩვენ დღესდღეობით ვმუშაობთ ინდივიდურად ამ ქვეყნებთან იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს დეტალურად შეთანხმება, თუ რომელი პირობები იქნება დაცული იმ შემთხვევაში, თუ ქართველი მგზავრი იმგზავრებს ევროპის მიმართულებით ან ევროპელი მგზავრი იმგზავრებს საქართველოს მიმართულებით”, – განაცხადა ტიკარაძემ.
მინისტრის თქმითვე, საქართველო კვლავ მზად არის, სომხეთს დახმარება გაუწიოს.
“საქართველო კვლავ მზად არის, სომხეთს დახმარება გაუწიოს. აქ ჩვენ დამოკიდებულები ვართ სომხურ მხარესა და იმ საჭიროებებზე, თუ რომელ საჭიროებებს დაასახელებენ ისინი. საქართველოს მხარე თავისთავად არის მზად იმისთვის, რომ მეზობელ ქვეყანას გაუწიოს დახმარება“, – განაცხადა ტიკარაძემ.