„საწვავში გოგირდის შემცველობის გადამეტებამ შესაძლოა, ჰაერის დაბინძურების კუთხით მძიმე სურათი მოგვცეს“ – რა დარღვევებია საწვავის სტანდარტში

 

ავტოგასამართი სადგურებიდან აღებული საწვავის სინჯების კვლევის შედეგებით გამოვლინდა, რომ ყოველი მე-3 სინჯი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილ, საწვავის ხარისხობრივ ნორმებს არ შეესაბამება. ამის შესახებ მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ნელი კორკოტაძემ ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამნეტის მიერ საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის ხარისხი შემოწმდა.

„2018 წლის შემდგომ, საწვავის ხარიხის შესაბამისობის მიმართულებით კონტროლი განსაკუთრებით გააქტიურდა. პერიოდულად ვამოწმებდით მიზნობრივად, მაგალითად, ტყვიის შემცველობაზე ბენზინში, ასევე დიზელის საწვავს. მთელი საქართველოს მასშტაბით ვიღებდით სინჯებს. 2018 წლიდან წლის განმავლობაში სადღაც 200-250 სინჯი ავიღეთ. რაც შემოწმებები დავიწყეთ, ტყვია ბენზინში არ ფიქსირდება. სამწუხაროდ, სავალალო მდგომარეობაა ამ მხრივ გოგირდის შემცველობასთან დაკავშირებით. ხშირ შემთხვევაში, ყოველ მესამე ნიმუშში გვიფიქსირდება გოგირდის შემცველობის გადამეტება. დიზელის საწვავის ჩვენი დღევანდელი სტანდარტი, დაახლოებით, უტოლდება ევრო 4-ის სტანდარტს, ბენზინის სრულად შესაბამისობაშია ევროკავშირის სტანდარტებთან. თუმცა, 2021 წლის 1-ელი იანვრიდან ჩვენც გვექნება ევრო 5-ის სტანდარტის დიზელის საწვავი, გოგირდის შემცველობა იქნება 10 მილიგრამი კილოგრამზე, რაც ასევე ევრო 5-ის სტანდარტია.
რაც შეეხება ბოლო კვლევებს – ჩვენ ჩავატარეთ აპრილის თვეში, ავიღეთ 92 სინჯი. ეს იყო როგორც ბენზინის, ასევე – დიზელის საწვავის სინჯები. მაისის მეორე ნახევარში ჩავატართ მასშტაბური კვლევა რეგულარის მარკის ბენზინზე და 252 სინჯი ავიღეთ. აპრილის თვის შედეგები უკვე გვაქვს, დაახლოებით, მესამედშია გადამეტება, 14 ნიმუშში გვიფიქსირდება, რომ მომატებულია გოგირდის შემცველობა.  ბენზინის საწვავში გვქონდა ოქტანური რიცხვის შეუსაბამობა მოქმედ კანონმდებლობასთან. მაისის თვის შედეგები, ჯერჯერობით, არ გვაქვს. ეს დასკვნები უახლოეს პერიოდში გვექნება“, – გაანცხადა ნელი კოროკოტაძემ.
მისივე თქმით, ამ მიმართულებით საჭიროა სანქციების გამკაცრება.

„რეალიზაციის ნაწილში ჯარიმა 8 000 ლარია, რასაც არ აქვს შემაკავებელი და პრევენციული ეფექტი. საჭიროა გარკვეული სანქციების გამკაცრება. ჩვენთვის ცნობილია, რომ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის ინიცირებით შესაძლოა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შევიდეს და ამ მიმართულებით მკაცრი სანქციები დაწესდეს“, – განაცხადა კორკოტაძემ.
მისი თქმით, საწვავში გოგირდის შემცველობის გადამეტებამ შესაძლოა, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მიმართულებით ძალიან მძიმე სურათი მოგვცეს.

„ცხადია, როცა ატმოსფერული ჰაერი დაბინძურებულია ეს გავლენას ახდენს ადამიანის ჯამრთელობაზე, პირველ ყოვლისა, სასუნთქ სისტემაზე და ა.შ. ამიტომ ძალიან მნიშველოვანია, სანქციას ჰქოდნეს შემაკავებელი ეფექტი. კომპანიებმა შემოიტანონ ისეთი  საწვავი, რომელიც ეროვნული კანონმდებლობითაა დადგენილი,  რათა ყველამ ერთად მივიღოთ ჯანმრთელი გარემო“, – განაცხადა კორკოტაძემ.
ცნობისთვის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტი წარადგენს საკანონმდებლო ინიციატივებს, რომელიც ორ კანონში ცვლილებების შეტანას გულისხმობს – ესენია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსები.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, “გარემოს ტყვიით დაბინძურების შეფასება საქართველოში” – თემატური მოკვლევის შედეგების მიხედვით, ბენზინსა და დიზელში დიდი ოდენობით ტყვია და გოგირდი აღმოაჩინეს, რაც ადამიანის ჯანმრთელობისათვის საზიანოა. როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სწორედ ამიტომ, საჭირო გახდა კანონმდებლობის გამკაცრება, რათა იმპორტიორმა კომპანიებმა მკაცრად დაიცვან რეგულაციები.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში იზრდება ჯარიმის ოდენობა კომპანიებისთვის, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებენ ისეთი ბენზინის ან დიზელის იმპორტს, წარმოებასა და რეალიზაციას, რომლის ხარისხიც ვერ აკმაყოფილებს დადგენილ ნორმებს.
აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ობიექტს დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, ნინო წილოსანის განცხადებით, სახელმწიფოს პასუხი თითოეულ დარღვევაზე ადეკვატური და პრინციპული უნდა იყოს.

“ბოლო წლების სტატისტიკა შემაშფოთებელია, რადგან, შემოწმების შედეგად, საწვავში არაერთხელ დაფიქსირდა გოგირდის მაღალი შემცველობა და ოქტანობაც არ შეესაბამებოდა დადგენილ ნორმებს. რიგ შემთხვევებში საწვავში გოგირდის დონე 10-ჯერ აღემატებოდა დასაშვებ ზღვარს. ეს ყველაფერი ხდება იმის პარალელურად, რომ სახელმწიფო, ადამიანის ჯანმრთელობის საუკეთესო მიზნებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად უახლოვდება საწვავის ხარისხის ევროსტანდარტს. სახელმწიფოს პასუხი თითოეულ დარღვევაზე ადეკვატური და პრინციპული უნდა იყოს.
შეგახსენებთ, რომ კომიტეტში, გარემოზე ტყვიის ზემოქმედების თემატური მოკვლევის ფარგლებში, გამოვლინდა, რომ 2020 აპრილის შემოწმებითაც მსგავსი დარღვევები მასობრივი იყო. ნათლად გამოჩნდა, რომ სანქციები არასაკმარისია და დაჯარიმებულ პირს უღირს ამ ჯარიმის გადახდა.
გარემოს დაცვის კომიტეტი აქტიურად არის ჩართული ქვეყანაში გარემოსდაცვითი პოლიტიკის აღსრულების მონიტორინგში და, არასათანადო საკანონმდებლო რეგულციების პირობებში, ყოველთვის ვიმოქმედებთ სათანადოდ”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები