“ნაციონალურმა მოძრაობამ” და მასთან ასოცირებულმა ერთკაციანმა პარტიებმა კიდევ ერთხელ დაანახეს საკუთარი თავი საზოგადოებას, მაშინ, როდესაც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, გერმანიის ელჩს შეურაცხყოფა მიაყენეს და ბოდიში არ მოიხადეს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” და ის პარტიები, ვინც შალვა ნათელაშვილთან არიან გაერთიანებულნი, პრორუსულ საქმეს აკეთებენ.
“ნაციონალურმა მოძრაობამ” და მასთან ასოცირებულმა ერთკაციანმა პარტიებმა კიდევ ერთხელ დაანახეს საკუთარი თავი საზოგადოებას, მაშინ, როდესაც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს ჩვენი ქვეყნის ერთგულ მეგობარს, გერმანიის ელჩს შეურაცხყოფა მიაყენეს, ბოდიში არ მოიხადეს და კიდევ უფრო გააღრმავეს ანტიდასავლური რიტორიკა. ამ ფაქტმა წერტილი დაუსვა ყველა სპეკულაციას იმასთან დაკავშირებით, რომელი ძალა წარმოადგეს პროდასავლურ ძალას საქართველოში – ესაა “ქართული ოცნება”, ხოლო “ნაციონალური მოძრაობა” და ის პარტიები, ვინც ნათელაშვილთან არიან გაერთიანებულნი, პრორუსულ საქმეს აკეთებენ. ცხადია, რომ ასეთი შეურაცხმყოფელი განცხადებები, პირველ ყოვლისა, ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოა და ამიტომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” ამაზე ბოდიში უნდა მოიხადოს”, – განაცხადა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა – „გერმანიის სამარცხვინო ელჩი საკუთარ ბიზნესზე მუშაობს“. „გერმანიის ელჩი ფინანსდება ივანიშვილის რეჟიმისგან. მივმართავ გერმანიის მთავრობას, გაიწვიეთ სამარცხვინო ელჩი“.
ამასთან, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ ევროკავშირის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანლებთან შეთანხმებით განცხადება გაავრცელა. “ვგმობთ გარკვეული პოლიტიკური აქტორებისა და მედიასაშუალებების თავდასხმებს ჩვენი კოლეგის, გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის წინააღმდეგ”, – აღნიშნულია განცხადებაში.