“კომპანია “არემჯი გოლდის” საწარმოდან ჩამდინარე წყლები არ ხვდება მდინარე კაზრეთულაში” – რას აჩვენებს კვლევები მდინარე კაზრეთულას ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გარემოს დამცველმა ერთ-ერთმა აქტივისტმა გაავრცელა მდინარე “კაზრეთულას” ფოტო და აღნიშნა, რომ ეს არის ოქროს მომპოვებელი ,,არემჯი გოლდის” მიერ მძიმე მეტალებითა (ცეზიუმით) და ცეანიდის მჟავით მოწამლული მდინარე კაზრეთულას კალაპოტი.

როგორც ირკვევა გამოქვეყნებული ფოტო 2011 წელსაა გადაღებული და მასზე ასახული სიტუაცია დღევანდელობას არ შეესაბამება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ფოტო ავტორმა თავად გაავრცელა. მედიაჰოლდინგი “კვირა” დაუკავშირდა გურანდა ავქოფაშვილს და მდინარე კაზრეთულას დღევანდელი ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ შეიტყო.

“ფოტო ჩემ მიერაა გადაღებული 2011 წელს, მაშინ კაზრეთულა იყო დაბინძურებული. მეცნიერები 2005-2006 წლებიდან იკვლევენ მდინარის მდგომარეობას, მე დავიწყე კვლევა 2010 წლიდან.

2017 წლამდე სერიოზული დაბინძურება იყო. 2017 წელს გამოქვეყნდა კვლევა, რომელსაც მე ვახორციელებდი პირადად ნიადაგებში და ამ კვლევებმა აჩვენა, რომ მდინარე კაზრეთულა 2017 წელსაც დაბინძურებული იყო, მაგრამ 2010-2011 წლებთან შედარებით სიტუაცია გაუმჯობესდა.

2018 წელს “საყდრისის კომიტეტის” აქტიურობით და საპარლამენტო გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავჯდომარის კახა კუჭავას ინიციატივით შეიქმნა ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი, სადაც შევიდნენ “საყდრისის კომიტეტი” და “მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი პლატფორმის” წევრები და მე.

სამუშაო ჯგუფის მკაცრი მონიტორინგის შედეგად განხორციელდა ის პროექტები, რომელიც ეკოლოგიის მდგომარეობას შეამსუბუქებდა, კერძოდ, მდინარე გაკეთდა მდინარე კაზრეთულას ინკაფსულაცია მთლიანად საწარმოს ტერიტორიაზე. რამაც გამოიწვია ის, რომ კომპანია “არემჯი გოლდის” საწარმოდან ჩამდინარე წყლები აღარ ხვდება მდინარეში. ამ წლის ბოლოს იგეგმება გამწმენდი ნაგებობების დადგმა როგორც მდინარე კაზრეთულაზე, ასევე, ფოლადაურის შენაკადებზე და კვირაცხოვლის ღელეზე,”- განუცხადა “კვირას” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერთანამშრომელმა, ექპსერტმა ნიადაგების დაბინძურების საკითხებში გურანდა ავქოფაშვილმა.

გურანდა ავქოფაშვილმა ვრცელი პოსტი სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა, რომელსაც აქვე უცვლელად გთავაზობთ.

“მინდა გამოვეხმაურო სოციალურ ქსელში გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას, რომელიც მდინარე კაზრეთულას დაბინძურებას შეეხება. ფოტო, რომელიც გამოქვეყნდა სხვადასხვა ადამიანის მიერ არ შეესაბამება დღევანდელ რეალობას. იგი გადაღებულია 2011 წელს ჩემს მიერ როდესაც დაბინძურება მართლაც ძალზედ დიდი იყო. მდინარე კაზრეთულაზე კვლევები სამეცნიერო წრეში თითქმის ორი ათეული წელია მიმდინარეობს. პირადად მე, 2010 წლიდან აქტიურად ჩავერთე სამეცნიერო კვლევის ნაწილში და არაერთი შრომა და ანგარიში გამოვაქვეყნეთ ამ პრობლემის შესახებ. მსგავსი სიღრმისეული კვლევა იყო 2017 წელს “ქვემო ქართლის სამთომოპოვებითი სამრეწველო დაბინძურების ანალიზი მწვანე პოლიტიკის პერსპექტივიდან” https://greenpolicyplatform.wordpress.com/2018/01/15/

აღნიშნულმა კვლევამ დიდი დაინტერესება ჰპოვა ფართო საზოგადოების მხრიდან და 2018 წელს “საყდრისის კომიტეტის” აქტიურობით და საპარლამენტო გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავჯდომარის ბატონი კახა კუჭავას ინიციატივით, შეიქმნა ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი, სადაც შევიდნენ “საყდრისის კომიტეტი” და “მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი პლატფორმის” წევრები, რა თქმა უნდა, თქვენი მონა მორჩილიც. სახელმწიფო, სამოქალაქო და კერძო სექტორმა ერთად მოახერხეს დღეს ბოლნისის რაიონში, კერძოდ, დაბა კაზრეთში განეხორციელებინათ ის ეკოლოგიური პროექტები, რომლებიც სიტუაციას მკვეთრად გააუმჯობესებდა (კომპანია RMG-m ათეული მილიონი დახარჯა იმისთვის, რომ გარემოსდაცვითი პროექტები განეხორციელებინა). აღნიშნული ჯგუფის წევრები უკვე ორი წელია მუდმივად უწევენ მონიტორინგს ადგილზე მიმდინარე სამუშაოებს, ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულია ანგარიში და არაერთი ინფორმაცია მოიპოვება სოციალურ ქსელში და მედიასივრცეში აღნიშნული პროცესების შესახებ.

დღესდღეობით კომპანიის ტერიტორიაზე მოწყობილია ჩამდინარე წყლების შემკრები და წყალსაქაჩი სისტემები, ასევე ამ წლის ბოლომდე ქიმიური გამწმენდი ნაგებობები უნდა მოეწყოს მდინარე კაზრეთულას და სხვა პატარა მდინარეებზე, რომელიც მთლიანად აღმოფხვრის დაბინძურებას. დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ანგარიში, თუ რა გაკეთდა და რა დარჩა გასაკეთებელი : http://parliament.ge/uploads/other/134/134783.pdf

ხოლო 2019 წლის ბოლოს 2020 წლის დასაწყისში მასაჩუსეტსის უნივერსიტეტში ა.შ.შ. ჩემს მიერ გამოკვლეულ იქნა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ნიადაგები, მათ შორის ბოლნისის და დმანისის რაიონების, კვლევებმა აჩვენა, რომ ნიადაგებში მძიმე ლითონთა კონცენტრაციები საკმაოდ შემცირებულია და კლების დინამიკაა. აღნიშნულ საკითხზე პრეზენტაცია იხ. შემდეგ ბმულზე : http://parliament.ge/…/sakomiteto-mokvleva-ga…/video-rgolebi
დღესდღეობის ეკოლოგიური სიტუაცია ბოლნისის რაიონში უმჯობესდება და აღარ არის ისეთი მდგომარეობა როგორიც 2010 წლიდან 2017 წლამდე იყო.

P.S. საზოგადოების ნაწილის რეაქცია საკმაოდ დიდია წლების წინ მომხდარ მოვლენებზე და ვფიქრობ დაგვიანებულიც.

ჩემო კეთილო ადამიანებო, ასევე ერთი პატარა რჩევა მექნება, როდესაც ფოტოს აიღებთ, ავტორს თუ არ ეკითხებით, წელი მაინც მიაწეროთ, როდის არის ფოტო გადაღებული. 2011 წლის შემდეგ დღემდე 9 წელია გასული და ამ ხნის განმავლობაში მოვლენები იცვლება. ჯობს, სხვა ისეთ ფაქტებზე გამახვილდეს ყურადღება, რაც დღესდღეობით კიდევ რჩება გამოწვევად. ხოლო სასურველი იქნებოდა, საზოგადოებამ სხვა ისეთ მდინარეებზე გაამახვილოს ყურადღება როგორიცაა: მდ. ყვირილა, მდ. ლუხუნისწყალი ურავში და ა.შ.
აქვე ვტვირთავ მდინარე კაზრეთულას ფოტოებს 2011 წელს და დღევანდელ დღეს გადაღებულს. დღეს (27 ივნისს).

ადგილზე ძლიერი წვიმაა და ამ შემთხვევაშიც აღარ არის ის მდგომარეობა, რაც წლების წინ ხდებოდა. ამიტომ მინდა ყველამ დავუფასოთ ეს შრომა იმ ადამიანებს, ვინც დიდი დრო და ენერგია დავხარჯეთ ამ მდგომარეობის მისაღებად.

არ გეგონოთ ამ პოსტით ვინმეს ვიცავ, ან პიარს ვუკეთებ, უბრალოდ, მინდა სიმართლე გავაგებინო იმ ადამიანებს, ვისაც სიმართლე მართლა აინტერესებს, თუ რა ხდება დღეს მდინარე კაზრეთულას დაბინძურების საკითხთან დაკავშირებით,”- წერს გურანდა ავქოფაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები