კახა კალაძე: “ემ კვადრატთან” გაფორმებული მემორანდუმით, „ოლიმპიური ვარსკვლავის“ მიერ დაზარალებული 400-მდე ოჯახი კუთვნილ ფართს მიიღებს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სამშენებლო კომპანია „ემ კვადრატთან” გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით, კომპანია „ოლიმპიური ვარსკვლავის“ მიერ დაზარალებული 400-მდე ოჯახი კუთვნილ ფართს მიიღებს.

„გუშინ იყო ძალიან კარგი დღე იმ თვალსაზრისით, რომ დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, რომელსაც 10-12 წელს ელოდებოდნენ ადამიანები. ეს არის სამშენებლო კომპანია „ოლიმპიური ვარსკვლავის“ მიერ დაზარალებული ოჯახები, რომლებიც მთელი რიგი პრობლემების გამო ვერ ახერხებდნენ საკუთარი ფართების მიღებას. ეს არის პრობლემა, რომელიც 2008 წლიდან დაიწყო და ძალიან მიხარია, რომ ჩვენ შევძელით და მოვახერხეთ ის, რომ სამშენებლო კომპანია „m2”-თან გავაფორმეთ მემორანდუმი, სადაც კომპანია „m2” იღებს ვალდებულებას,  ეს მშენებლობა დაასრულოს და ყველამ მიიღოს საკუთარი ბინები. ჩვენ პირველი ასეთი პროექტი განვახორციელეთ სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული ოჯახებისთვის, 2500-მდე ოჯახი დაკმაყოფილდა. საკმაოდ კარგი გამოცდილება გვაქვს დაგროვილი უკვე და ამ გადაწყვეტილებით, რომელიც გუშინ იქნა გაფორმებული, დაახლოებით, 400-მდე ოჯახი, რომელიც ბინებს ელოდებოდა, იქნება დაკმაყოფილებული. ჩვენ ვაგრძელებთ ანალოგიურ მიდგომასა და დამოკიდებულებას სხვა დაზარალებული ოჯახების მიმართ, როგორებიცაა, მაგალითად, სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული ოჯახები და დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე აქაც მივიღებთ დადებით შედეგს და 6500-ზე მეტი ოჯახი იქნება დაკმაყოფილებული. ამ პროცესებს ჩემი მოადგილე – ილია ელოშვილი პირადად ხელმძღვანლობს ყოველდღიურ რეჟიმში და მჯერა, რომ „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულ ოჯახებს ძალიან მალე გავაბედნიერებთ. ეს იყო ჩვენი დაპირება და ჩვენ ჩვენს დაპირებას ვასრულებთ“, – განაცხადა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები