ნაზი ჯანეზაშვილი: ანა დოლიძე დღესაც რომ გადადგეს თანამდებობიდან, კანონი უკვე დარღვეული აქვს
“ანა დოლიძე დღესაც რომ გადადგეს თანამდებობიდან, კანონი უკვე დარღვეული აქვს”, – ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი ანა დოლიძის გადაწყვეტილებას, რომელმაც დღეს ალეკო ელისაშვილთან, ლევან იოსელიანსა და ლევან კობერიძესთან ერთად ახალი პოლიტიკური პლატფორმის მემორანდუმს ხელი მოაწერა.
ნაზი ჯანეზაშვილის განმარტებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს კანონი პოლიტიკურ საქმიანობას უკრძალავს.
„როგორც ჩანს, საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრის პოლიტიკა გრძელდება. დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი (ანა დოლიძე) სხვა პოლიტიკოსებთან ერთად ახალი პოლიტიკური პლატფორმის მემორანდუმს მოაწერს ხელს. ამის მერე კვლავ არის კითხვები ანა დოლიძის პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით? კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს კანონი უკრძალავს პოლიტიკურ საქმიანობას! როდესაც სხვას აკრიტიკებ გამჭვირვალობის, საჯაროობის, კეთილსინდისიერების ნაკლებობისთვის, ამის მორალური უფლება უნდა გქონდეს და თავად არ უნდა იყოს კანონის დამრღვევი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემდეგი საკითხი: ვინ აფინანსებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ორგანიზაციას, რომლის ფინანსებსაც ეს უკანასკნელი თავად განკარგავს და რატომ? ანა დოლიძე დღესაც რომ გადადგეს თანამდებობიდან, კანონი უკვე დარღვეული აქვს“, – წერს ნაზი ჯანეზაშვილი.
ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე უკვე გამოეხმაურა.
“როგორც ჩანს, ჯანეზაშვილს „ქართული ოცნების“ წინაშე, ვინც უმრავლესობით დანიშნა, რაღაც ვალდებულებები აქვს და ახლა, როდესაც იქმნება რაღაც ახალი სამსჯელო, სადისკუსიო, სამწუხაროდ, ნაზი გვრიტიშვილთან, მიქაუტაძესთან, სერგოსთან ერთად ამ ყველაფრის მონაწილეა”, – აღნიშნა დოლიძემ.