გიორგი გახარია: „ქართული ოცნების” ხელისუფლებამ მოუტანა ქვეყანას გრძელვადიანი სტაბილურობა და ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, ქვეყნებისთვის გარდამავალ ეტაპზე

რაც „ქართული ოცნების” ხელისუფლებამ მოუტანა ამ ქვეყანას – ეს არის გრძელვადიანი სტაბილურობა და ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ გრძელვადიანი სტაბილურობის ფასი არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით, ქვეყნებისთვის გარდამავალ ეტაპზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პოლიტიკური პროცესისთვის მნიშვნელოვანია საარჩევნო სისტემა, პროფესიული, აპოლიტიკური საჯარო სექტორი და თანმიმდევრული სტაბილურობა, იმისთვის, რომ ქვეყანამ სწრაფად შეძლოს ეკონომიკური განვითარება, რათა მძლავრი საშუალო კლასი ჩამოყალიბდეს.

„პოლიტიკური პროცესი იცვლება. პოლიტიკური ცხოვრების და პროცესის ანალიზი აშკარად აჩვენებს, რომ ფული მნიშვნელოვანია, მაგრამ, სულ უფრო და უფრო უკან გადადის. პირველი, რაც დღეს საქართველოში არის მნიშვნელოვანი, ეს არის სოციალური ბაზა. იდეოლოგია რა თქმა უნდა არსებობს. მას სჭირდება იდენტიფიცირება, სწორი არტიკულირება, იმ სოციალური ბაზის მიმართ, ვის ინტერესებსაც დაიცავ. პოლიტიკური პროცესი ხომ პარალელურად ეკონომიკურ პროცესთან ერთად მიმდინარეობს. დღეს პრობლემა იმაშია, რომ საშუალო კლასი, როგორც ჩვენი საზოგადოების სოციალური სტრუქტურის ნაწილი, არის იმდენად სუსტი, რომ მას არ რჩება დრო, რომ თავისი სოციალური და პოლიტიკური ინტერესები დაიცვას, მაგრამ ეს ნელ-ნელა იცვლება ამ ქვეყანაში. ნელ-ნელა ეს ბაზა ფართოვდება. ასეთი ადამიანების რაოდენობა იზრდება. ამას, უბრალოდ, სჭირდება გარკვეული დრო და რაც მთავარია, რაც „ქართული ოცნების” ხელისუფლებამ მოუტანა ამ ქვეყანას – ეს არის გრძელვადიანი სტაბილურობა და ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ გრძელვადიანი სტაბილურობის ფასი არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. განსაკუთრებით, ქვეყნებისთვის გარდამავალ ეტაპზე. ჩვენი ინსტიტუციური წყობილებიდან გამომდინარე, ჩვენი ინსტიტუტების მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენ ვართ გარდამავალ პერიოდში – ქვეყნიდან ვყალიბდებით, როგორც წარმატებული სახელმწიფო. აქ ძალიან მნიშვნელოვანია ინსტიტუტების სიძლიერე, მათი თანმიმდევრული ზრდა, მნიშვნელოვანია სერიოზული და მყარი საჯარო კლასის ჩამოყალიბება, პროფესიული, პოლიტიკურად არაანგაჟირებული საჯარო კლასის ჩამოყალიბება. სხვანაირად როგორ წარმოგიდგენიათ საპარლამენტო რესპუბლიკა, სადაც პროპორციული სისტემაა, თუ ამ სისტემაში არ იარსებებს პროფესიული საჯარო მოხელე, რომელიც სრულიად აპოლიტიკური უნდა იყოს, ქვეყანა ვერსად წავა, ეს იქნება მუდმივი ცვლილებები ერთი პოლუსიდან მეორე პოლუსში. ამიტომ, პოლიტიკური პროცესისთვის კომპლექსურად მნიშვნელოვანია საარჩევნო სისტემა, პროფესიული, აპოლიტიკური საჯარო სექტორი და რა თქმა უნდა, თანმიმდევრული სტაბილურობა ქვეყანაში, იმისთვის, რომ სწრაფად შევძლოთ ეკონომიკური განვითარება, რათა მძლავრი საშუალო კლასი ჩამოგვიყალიბდეს – ეს არის სისტემური ამოცანები, რომლის წინაშეც დღეს ქვეყანა დგას. და არა ის, რაზეც დღეს ჩვენი პოლიტიკური სპექტრი დაობს. ჩემთვის ყველაზე სამწუხაროა, როდესაც პოლიტიკურ დებატებში და ოპონირებაში ამაზე კი არ საუბრობენ, საუბრობენ იმაზე, რასაც შინაარსობრივ პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები