დავით ზალკალიანი გაერო-ს მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი მონაწილეობას მიიღებს გაერო-ს მაღალი დონის ღონისძიებაში – “გაერო-ს ქარტია 75 წლის შემდეგ: მულტილატერალიზმი დანაწევრებულ მსოფლიოში“ (The UN Charter at 75: Multilateralism in a Fragmented World). ღონისძიება სინგაპურის, როგორც მცირე სახელმწიფოთა ფორუმის (FOSS) მომწვევი ქვეყნის ორგანიზებით იმართება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, მოხსენებით წარდგებიან გაერო-ს გენერალური მდივანი – ანტონიო გუტერეში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის პრეზიდენტი – ტიჯანი მუჰამად ბანდე, FOSS-ის თავმჯდომარე, სინგაპურის საგარეო საქმეთა მინისტრი – ვივიან ბალაკრიშნანი, ირლანდიის ყოფილი პრეზიდენტი – მერი რობისონი, გაერო-ს წევრი ქვეყნების სახელმწიფოს/მთავრობის მეთაურები და საგარეო საქმეთა მინისტრები.

ღონისძიება მიეძღვნება გაერო-ს ქარტიის 75-ე წლისთავსა და მრავალმხრივი დიპლომატიის როლს დღევანდელ მსოფლიოში. აღნიშნულ კონტექსტში, ყურადღება დაეთმობა მულტილატერალიზმის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზების განხილვას.

გამოსვლაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ისაუბრებს საერთაშორისო უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე, მდგრადი მშვიდობისა და განვითარების უზრუნველყოფის საქმეში მრავალმხრივი დიპლომატიის როლსა და საერთაშორისო სამართლისა და გაერო-ს პრინციპების უპირობო შესრულების აუცილებლობაზე. მინისტრი, ასევე, ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მძიმე ვითარებასა და რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს, ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაზე.

აღსანიშნავია, რომ მცირე სახელმწიფოთა ფორუმი პირველად 1992 წელს გაერო-სთან სინგაპურის დელეგაციის ორგანიზებით იქნა მოწვეული და მას შემდეგ სწორედ სინგაპურის ეგიდით იმართება ყოველწლიურად. ფორუმის მიზანია გაერო-ს წევრი მცირე სახელმწიფოების პოტენციალის გამოყენების ხელშეწყობა და საერთო ინტერესების საკითხებზე პოზიციათა შეჯერება.​

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები