WP: აშშ-ის 14 შტატში კორონავირუსით ინფიცირების რიცხვმა მკვეთრად იმატა
აშშ-ის 14 შტატში ივნისის დაწყებიდან კორონავირუსით ინფიცირების რიცხვმა მკვეთრად იმატა, – წერს Washington Post-ი საკუთარ გათვლებზე დაყრდნობით.
გამოცემის მონაცემით, უკანასკნელ ერთ კვირაში ყველაზე მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა ალასკაზე, არიზონაში, ტეხასში, კალიფორნიაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინაში, ფლორიდაში, კენტუკიში, ნიუ-მექსიკოში, მისისიპიში, ორეგონაში, ტენესიში, იუტასა და პუერტ-რიკოში.
Washington Post აღნიშნავს, რომ ინფიცირების მატება გამოვლენილია ქვეყნის მცირე ქალაქებსა და სოფლებში, მაშინ როდესაც “პირველი ტალღა” გავრცელდა მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებში, როგორებიც არის ნიუ-იორკი და ჩიკაგო.
მანამდე, ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრი ყურადღებით აკვირდება ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებით გამოწვეულ საპროტესტო აქციებს და როგორ გავლენას იქონიებს აღნიშნული ინფიცირების სტატისტიკაზე.
10 ივნისის მონაცემით, აშშ-ში კორონავირუსით 1 979 850 ადამიანია ინფიცირებული, 112 006 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 524 855 განიკურნა.