ირაკლი კოვზანაძე: ჩვენი ამოცანაა ნაკლები ზარალით და ნაკლები დანაკარგებით გამოვიდეთ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემებიდან

„მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებები შედის 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში, რეალურად ეს არის ახალი ბიუჯეტი. საკმარისია, ნახოთ თუნდაც მაკროეკონომიკური პარამეტრების ცვლილებები და ამაში დარწმუნდებით”, – განაცხადა საფინასო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ “იმედის” ეთერში.

მისი ინფორაციით,ზოგადად, საბიუჯეტო პროცესი იწყება მაისში, პარლამენტში პირველი დრაფტის მიღება ოქტომბერში ხდება და დეკემბრის ბოლოს იგი მტკიცდება.

„ეს ცვლილებები კი არის ქვეყანაში არსებული პრობლემების გამოძახილი. მასში წარმოჩენილია ყველა ის პროექტი, რომელთა პრეზენტაციაც მოხდა პრემიერის ოფისში და რომელთაც ვაჟღერებდით პარლამენტში თვენახევრის განმავლობაში”, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

მისი თქმით, 2020 წლის ბიუჯეტი დაგეგმილი იყო 4, 5%-იან ზრდაზე.

„ვფიქრობდით, რომ იქნებოდა 5%-თან ახლოს. იმის გამო, რომ მსოფლიოში და, მათ შორის, ჩვენს ქვეყანაშიც არის ეკონომიკური კრიზისი, საქართველო შევა ეკონომიკურ რეცესიაში და დაგეგმილია -4%-ზე ანუ ეკონომიკა შეგვიმცირდება. დეფიციტი გვქონდა დაგეგმილი 2,5%-ის ოდენობით, ახლა არის 8, 5%. ეს მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური პარამეტრებია. ხარჯვა, ასიგნებები იყო 14 მლრდ 430 მლნ-ის ფარგლებში, ახლა ხარჯვითი ნაწილი მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. ბიუჯეტს აკლდება 1მლრდ 800 მლნ ლარი შემოსავლებში, მაგრამ იმ პროგრამების ფინანსირებისთვის, რომელიც გამოცხადებული იყო – სოციალური ხარჯები, ჯანდაცვის უზრუნველყოფა და სხვ – გვჭირდება 3 მლრდ 400 მლნ ლარი. ზუსტად ამ საბიუჯეტო დანაკლისებისთვის და პროგრამების დასაფინანსებლად ვიღებთ დახმარებებს დონორებისგან, საერთაშორისო პარტნიორებისაგან. გამომდინარე აქედან, იცვლება ყველა მუხლი. შეცვლილია ასიგნებებიც. 14მლრდ 430 მლნ-ის ხარჯვითი ნაწილის ნაცვლად, 2020 წლის კორექტირებულ ბიუჯეტში ახლა არის 15 მლრდ 930 მლნ-მდე. ჩვენი ამოცანაა ნაკლები ზარალით და ნაკლები დანაკარგებით გამოვიდეთ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემებიდან”, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები