საბიუჯეტო დეფიციტი 8,5%-მდე იზრდება

2020 წლის სახელმწიფო კორექტირებული ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ს 2,5%-დან 8,5%-მდე იზრდება.

როგორც დოკუმენტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, დეფიციტის ზრდა პირდაპირ კავშირშია მთავრობის ვალის მოცულობის ზრდასთან.

2020 წელს მთავრობა საგარეო ვალს 6.1 მილიარდი ლარით, ხოლო საშინაო ვალს 1.8 მილიარდი ლარით ზრდის. ბიუჯეტის პროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, საშინაო ვალის ზრდა 1 850,0 მლნ ლარია, მათ შორის 600,0 მლნ ლარი კომერციული ბანკების გრძელვადიანი ლარის ლიკვიდურობის მიზნით გამოშვებული და ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში განთავსებული თანხაა. ხოლო საგარეო ვალის ზრდა, საერთაშორისო პარტნიორებიდან დამატებით მოზიდული თანხების ჩათვლით, 6 187,6 მლნ ლარს შეადგენს.

“არსებული პროგნოზის მიხედვით, მიმდინარე წლის ბოლოსთვის ვალის მოცულობა მიუახლოვდება მშპ-ს 55%-ს. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან მოლაპარაკებების პროცესში განიხილებოდა ეკონომიკური ზრდის სხვადასხვა პროგნოზი და მიუხედავად იმისა, რომ საბაზისო სცენარად ჩამოყალიბდა რეალური ეკონომიკის შემცირება 4%-ის ოდენობით, თანხების მობილიზება განხორციელდა იმ მოცულობით, რომ რესურსების დეფიციტი არ შექმნილიყო არც პესიმისტური სცენარის განვითარების შემთხვევაში და არც – პანდემიის გამო უფრო ხანგრძლივი ეკონომიკური შეზღუდვების შემთხვევაში. შედეგად, მოვლენების მიმდინარე განვითარებიდან გამომდინარე ხდება ვალის აღება საბაზისო სცენარში ბიუჯეტის საჭიროზე მეტი ოდენობით”, – აღნიშნულია 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები