პარლამენტარი ნატო ჩხეიძე ნიკა მაჭუტაძის პარტიის ლიდერი გახდა

საქართველოს პარლამენტის წევრი, ნატო ჩხეიძე “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” თავმჯდომარე გახდა. ბრიფინგზე ჩხეიძე პარტიის ლიდერმა, ნიკა მაჭუტაძემ წარადგინა.

მაჭუტაძის თქმით, მოძრაობას ახალი პოლიტიკური საბჭო ჰყავს, რომელიც საქართველოს საუკეთესო მოქალაქეებისგანაა დაკომპლექტებული.

“ძალიან ფართო და სიღრმისეული მოლაპარაკებების შედეგად, წარმოგიდგენთ “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” განახლებულ შემადგენლობას. ჩვენ გვყავს ახალი პოლიტიკური საბჭო საქართველოს საუკეთესო მოქალაქეებისგან დაკომპლექტებული და ამ საბჭომ თავის თავმჯდომარედ აირჩია საქართველოს პარლამენტის წევრი და საქართველოს საუკეთესო მოქალაქე, ნატო ჩხეიძე. ჩვენი პარტია, ქალბატონ ნატოს მეოხებით, გავხდით საპარლამენტო პარტია”, – აღნიშნა მაჭუტაძემ.

მაჭუტაძე ამბობს, რომ ჩხეიძემ და მისმა ქმარმა, კახა ოქუაშვილმა ხელისუფლებასთან ბრძოლაში დიდი წვლილი შეიტანეს.

ნატო ჩხეიძის თქმით, პოლიტიკოსისთვის გუნდურობა აუცილებელია.

“პოლიტიკოსისთვის აუცილებელია გუნდურობა, გუნდის წევრობა, რადგან სწორედ პოლიტიკური გუნდი ქმნის კარგ და სასიკეთო რეალობას ქვეყანაში. მით უფრო აუცილებელია ოპოზიციური გუნდის წევრობა, როცა ხედავ, ცუდი მთავრობა ცუდად მართავს ქვეყანას და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ ცუდი მთავრობის შეცვლა”, – თქვა ნატო ჩხეიძემ.

“მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მსოფლიო ბანმა, პაატა ბურჭულაძემ დააფუძნა. პარტია ოპოზიციური გაერთიანების “ძალა ერთობაშია” წევრია. თავად ნატო ჩხეიძე 2016 წელს პარლამენტში “პატრიოტთა ალიანსის” სიით მოხვდა. ის და მისი ქმარი რამდენიმე მილიონის ქონებას ფლობენ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები