სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი უფროსი: ნიკოლ ფაშინიანი უნდა გადადგეს

პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი უნდა გადადგეს, რადგან ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, კატასტროფაა, რომლის შედეგი ძალიან მძიმე იქნება.

ამის შესახებ სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილმა უფროსმა, არტურ ვანეციანმა განაცხადა.

მისი თქმით, პანდემიის დაწყებიდან ქვეყნის პრემიერსა და ჯანდაცვის სამინისტროს ინფექციის გავრცელების არიდებისთვის ბევრად სერიოზული ნაბიჯები უნდა გადაედგათ.

“ხელისუფლების პრობლემა ისაა, რომ ის კრიტიკას ვერ იღებს და ოპოზიციას რაღაცა დაკვეთების შესრულებაში ადანაშაულებს”, – თქვა ვანეციანმა.

სომხეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევები ყოველდღიურად მატულობს.

აღნიშნულს პრემიერიც ადასტურებს და ამბობს, რომ ვითარება კატასტროფულია. ფაშინიანი ხალხს მუდმივად ახსენებს საჭირო ზომების მიღებას, იქნება ეს ე.წ. ნიღბის რეჟიმი, დისტანციის დაცვა თუ ხელების ხშირი დაბანა.

ამასთანავე, დღეს ფაშინიანმა განაცხადა, რომ ჯანდაცვის სისტემა ყველა პაციენტის მიღებას უკვე ვეღარ ახერხებს.

განახლებული სტატისტიკის მიხედვით, სომხეთში კორონავირუსის უკვე 11 221 შემთხვევაა, დაავადებას 176 პაციენტი ემსხვერპლა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები