ტრამპი: პოლიციას მომიტინგეთა წინააღმდეგ რეზინის ტყვიები არ გამოუყენებია
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, პოლიციას თეთრ სახლთან შეკრებილი აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ რეზინის ტყვიები არ გამოუყენებია.
ამის შესახებ ტრამპმა Newsmax TV-თან საუბარში განაცხადა.
“ამბობენ, რომ მათ წინააღმდეგ რეზინის ტყვიები გამოიყენეს. მსგავსი არაფერი მომხდარა, ისინი, უბრალოდ, გაწიეს”, – თქვა ტრამპმა.
მანამდე, დემოკრატიული პარტიის წევრებმა პრეზიდენტი იმაში დაადანაშაულეს, რომ მან “მშვიდობიან მომიტინგეთა” დარბევის ბრძანება გასცა, რაზეც ტრამპმა თქვა, რომ არაფერი იცოდა ამის შესახებ, პოლიციას ბრძანებებს კი გენპროკურორი და იუსტიციის მინისტრი, უილიამ ბარი აძლევდა.
ამ ფონზე, გუშინ პენტაგონის ხელმძღვანელმა, მარკ ესპერმა განაცხადა, რომ არ ეთანხმება “ბუნტის შეწინააღმდეგების კანონის” ამოქმედებას სამოქალაქო მღელვარების ჩასახშობად. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ამ უთანხმოების გამო ტრამპი ესპერის თანამდებობიდან გადაყენებას გეგმავს.
თუმცა, როგორც თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეილი მაკენანმა განაცხადა, ესპერი თანამდებობაზე რჩება.
“ამჟამად, ესპერი კვლავ ინარჩუნებს თავდაცვის მინისტრის პოსტს. იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი მისდამი ნდობას დაკარგავს, ამის შესახებ შევიტყობთ”, – თქვა მაკენანმა.
მისი თქმით, ორშაბათს აქციის მონაწილეები თეთრი სახლის პერიმეტრიდან მოაცილეს, რადგან ტრამპი და მისი კაბინეტის წევრები, ეკლესიასთან ფოტოსურათის გადასაღებად გავიდნენ. მთავარმა პროკურორმა, უილიამ ბარმა კი თეთრი სახლის პერიმეტრზე უსაფრთხოების გაფართოების ბრძანება გასცა.
“დილა იყო. ბარმა შეამჩნია, რომ პერიმეტრი არ იყო გაფართოებული და მისი შესაბამისი ბრძანება გასცა, რაც მოხდა კიდევაც”, – თქვა თეთრი სახლის პრესმდივანმა.