“მოსწავლეს ტელეფონი არ ჰქონდა და რესურსცენტრმა შეუძინა“ – როგორ მიმდინარეობს ელექტრონული სწავლება ახალციხის სკოლებში

კორონავირუსის პანდემიის გამო, ისევე, როგორც ქვეყნის ყველა რეგიონში, სასწავლო პროცესები ელექტრონული სისტემით მიმდინარეობს სამცხე-ჯავახეთშიც. ახალციხელი პედაგოგები მოსწავლეებთან ერთად იმ გამოწვევებზე საუბრობენ, რის წინაშეც პანდემიის გამო განათლების სისტემა დადგა.
„მასწავლებლებს დიდად არ გაგვიჭირდა ელექტრონულ სწავლებაზე გადასვლა, რადგან განათლების სამინისტრო ჯერ კიდევ ღრმა წარსულში გვამზადებდა ამ სიტუაციისთვის. მაგრამ კლასებში აღმოჩნდნენ ისეთი მოსწავლეებიც, ვისაც ინტერნეტთან წვდომა არ ჰქონდათ. პირადად ჩემს კლასში იყო მოსწავლე, რომელსაც ტელეფონი არ ჰქონდა და რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ხათუნა ხმალაძემ პირადი სახსრებით შეუძინა. დღეს უკვე ის და მისი ორი დედმამიშვილი სასწავლო პროცესებში აქტიურად ჩაერთვნენ“, – განუცხადა “რეგიონულ კვირას” ახალციხის #1 საჯარო სკოლის პედაგოგმა, ნინო ყურმაშვილმა.

პრობლემებზე საუბრობს XI-ე კლასის მოსწავლე, მარიამ მაისურაძეც. მისი თქმით, სასწავლო წლის პროგრამა შესრულდა, თუმცა – გარკვეული ჩავარდნებით. მისი ინფორმაციით, კლასში ინტერნეტთან წვდომა ყველა ბავშვს აქვს, თუმცა მოსწავლეები სწავლას ნაკლებ დროს უთმობენ.

„ვფიქრობ, რომ ელექტრონული სისტემა უფრო სახალისოა, ვიდრე – სკოლაში სიარული, თუმცა მოტივაცია დავკარგეთ მოსწავლეებმა. იყო მომენტები, როცა გაკვეთილს მხოლოდ მე ვესწებოდი, არ მახსოვს ისეთი გაკვეთილი, როცა ყველა ბავშვი ვესწრებოდით. ვიმედოვნებ, სეტემბრიდან სკოლას დავუბრუნდებით“, – ამბობს „რეგიონულ კვირასთან“ საუბრისას მარიამი.

როდემდე გაგრძელდება ელექტრონული სწავლება სკოლებში, ჯერჯერობით, უცნობია, თუმცა მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც ერთ აზრზე ჯერდებიან, რომ წლევანდელი წელი, მიუხედავად ბევრი პრობლემისა, მაინც შედგა.

მედეა ლომიძე

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები