ნანა ჯანაშია: საზოგადოებრივი განხილვისა და ხალხის მონაწილეობის თვალსაზრისით, არცერთ კანონპროექტს ჰქონია ისეთი მაღალი ინტერესი, როგორიც – „ტყის კოდექსს“
“საზოგადოებრივი განხილვისა და ხალხის მონაწილეობის თვალსაზრისით, არცერთ კანონპროექტს ჰქონია ისეთი მაღალი ინტერესი, როგორიც – „ტყის კოდექსს”, – ამის შესახებ კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) დირექტორმა, ნანა ჯანაშიამ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის ტყის სექტორის რეფორმირებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი პოლიტიკის დოკუმენტი.
„მოხარული ვარ, რომ „ტყის კოდექსი“, რომელზე მუშაობაც შვიდი წლის წინ დაიწყო, საქართველოს პარლამენტმა რამდენიმე დღის წინ დაამტკიცა.
ეს გახლავთ ტყის სექტორის რეფორმირებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი პოლიტიკის დოკუმენტი. მასზეა დამოკიდებული როგორც მოსახლეობის სიღარიბის აღმოფხვრა, ასევე, ბუნებრივი კატასტროფების შეჩერება და წყლის რესურსებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობას წლების განმავლობაში დოკუმენტის გაცნობის შესაძლებლობა ყველა ეტაპზე ჰქონდა. დოკუმენტი ყველა მუნიციპალიტეტსა და თემში განიხილეს. ამ პროცესში ჩვენი ორგანიზაციაც აქტიურად იყო ჩართული. შემიძლია, გითხრათ, რომ, საზოგადოებრივი განხილვისა და ხალხის მონაწილეობის თვალსაზრისით, არცერთ კანონპროექტს ჰქონია ისეთი მაღალი ინტერესი, როგორიც – „ტყის კოდექსს“, – განაცხადა ნანა ჯანაშიამ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ნინო წილოსანთან ერთად დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრმა გარემოსდაცვითი მიმართულების მიმდინარე და დაგეგმილი საკანონმდებლო რეფორმების შესახებ ისაუბრა.