ავსტრიის ელჩი: “ტყის კოდექსის” მიღება საქართველოს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციასთან კიდევ უფრო აახლოებს
“ტყის კოდექსის” მიღება საქართველოს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციასთან კიდევ უფრო აახლოებს“, – ამის შესახებ ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, არად ბენკომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
“ავსტრია და “ავსტრიის განვითარების სააგენტო“ “ტყის კოდექსის” შემუშავებას მხარს მრავალი წლის განმავლობაში უჭერდა. დღეს ამაყი ვარ მიღწეული შედეგით. “ტყის კოდექსის” მიღება საქართველოს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციასთან კიდევ უფრო აახლოებს”, – განაცხადა არად ბენკომ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ნინო წილოსანთან ერთად დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრმა გარემოსდაცვითი მიმართულების მიმდინარე და დაგეგმილი საკანონმდებლო რეფორმების შესახებ ისაუბრა.
ლევან დავითაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება ტყის ახალ კოდექსზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ახალი კოდექსი არის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომელიც ქვეყანაში ტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის მართვა სრულიად ახალ ეტაპზე გადაჰყავს.