რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა
“1-ელ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, რუსლან აბაშიძე აფხაზეთის №2 სკოლაში იმყოფებოდა”, – ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, მთავრობის თავმჯდომარე სკოლის დირექტორს შეხვდა, მოსწავლეებს ბავშვთა დაცვის დღე მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები, მათ შორის ჟურნალ „იალქნის“ საიუბილეო ნომრები გადასცა. საჩუქრები „კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტომ“ და „ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში უზრუნველყვეს. სასაჩუქრე პაკეტებს ეტაპობრივად საქართველოს მასშტაბით აფხაზეთის ყველა საჯარო სკოლის მოსწავლე მიიღებს.
“შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ს როლანდ ნიჟარაძე, „ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ დირექტორი, თამარა წულეისკირი და „კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს“ დირექტორი, ლიკა კვარაცხელია.
ასევე, დღეიდან აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის ცხადდება შემოქმედებით-ლიტერატურული კონკურსი „შემოქმედებითი ზაფხული“, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სსიპ „კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს“ და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ „ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ ორგანიზებითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით იმართება. კონკურსის თემებია: „მე ევროპელი“ და „მომავლის აფხაზეთი“. მონაწილეებმა უნდა შექმნან პოეტური, პროზაული ნაწარმოებები, ჩანახატები, ესეები ან შეასრულონ ფერწერული ნამუშევრები. კონკურსი მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება.
გამარჯვებული ნაწარმოებები (პროზა, პოეზია, ჩანახატები და ფერწერული ნამუშევარი) დაიბეჭდება ჟურნალ „რიწის“ და ჟურნალ „იალქნის“ მომდევნო ნომრებში, ხოლო ესეების კონკურსში გამარჯვებულ 3 ახალგაზრდას „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ მიერ დაწესებული სიმბოლური პრიზები გადაეცემა. რჩეულ ფერწერულ ნამუშევარს აარჩევს ცნობილი ქართული ბრენდი ANOUKI“და მას კოლექციაში გამოიყენებს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.