მეუფე შიო: პატრიარქმა თქვა, რომ ადამიანი სიხარულისთვის არის შექმნილი, აქ საუბარია სულიერ სიხარულზე, ღმერთმა ინებოს, რომ სულის გადარჩენის გზით ვიაროთ
“საუკუნო ცხოვრება ეს არის შეცნობა, შემეცნება ღმერთის. ეს არის მთავარი რამ ჩვენს სარწმუნოებაში. თუ გვინდა სულის გადარჩენა, ჩვენ უნდა ვიღვაწოთ შემეცნებისათვის, შეცნობისთვის”,- ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირმა განაცხადა.
მისივე თქმით, შემეცნება სულის ცხონებაა.
„საუკუნო ცხოვრება ეს არის შეცნობა, შემეცნება ღმერთის. ეს არის მთავარი რამ ჩვენს სარწმუნოებაში. თუ გვინდა სულის გადარჩენა, ჩვენ უნდა ვიღვაწოთ შემეცნებისათვის, შეცნობისთვის, მაგრამ რა არის შეცნობა? ადამიანური ცხოვრებიდან რომ ავიღოთ, როდის ვამბობთ ჩვენ, რომ ვიცნობთ ადამიანს კარგად? მრავალ ადამიანს ვიცნობთ, მაგრამ სიღრმისეულად, ღრმად როდის ვიცნობთ ჩვენ ადამიანს? – როდესაც მასთან ერთად დიდი ხნის განმავლობაში ვცხოვრობთ, ან ჩვენი ოჯახის წევრია, მეგობარი, ან მრავალი რამ გაგვივლია ერთად. ვიცით, იგი რას ფიქრობს, რას გრძნობს, რა სურს მას, რა სტკივა, რა უხარია და ა.შ. მაშინ ვამბობთ ჩვენ ვიცით, ვინ არის ეს ადამიანი სინამდვილეში. ასევე არის ღმერთის შეცნობაც. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვიცნობთ უფალს, როცა ჩვენ ვიცით რა სურს ღმერთს, რას ფიქრობს იგი, რა ჰნებავს მას ჩვენთან მიმართებაში, რა მოსწონს უფალს, რა არ მოსწონს. ამის შემეცნება არის სულის ცხონება, სულის გადარჩენა. ეს არ არის უბრალოდ თეორიული ცოდნა დოგმატების ან ეკლესიის სწავლების, ეს არ არის საკმარისი. აქ სულ სხვა რამ იგულისხმება. აქ იგულისხმება ის მდგომარეობა, როდესაც ადამიანის სულში სულიწმიდის მადლი დაივანებს, როდესაც უფალი ცხოვრობს ჩვენს სულში. მაშინ შეგვიძლია, ჩვენ ვთქვათ, რომ ვიცნობთ უფალს და უფალი გვიცნობს ჩვენ ასევე. საუკუნო ცხოვრება ეს არის შეცნობა უფლისა, ანუ მადლის მოხვეჭა. მხოლოდ სულიწმიდის მადლით ხდება ეს. ვერანაირი ჩვენი პირადი მეცადინეობით მარტო ამას ჩვენ ვერ მივაღწევთ. ამისთვის არის ეკლესიური ცხოვრება, აუცილებელია მცნებების შესრულება. მცნებების შესრულებით ადამიანი ნელ-ნელა გულისხმა-ჰყოფს, რომ ის უძლურია სასუფეველი დაიმკვიდროს, თვითონ მოიხვეჭოს მადლი, საუკუნო ცხოვრება თვითონ დაიმკვიდროს მაცხოვრის გარეშე. შესაბამისად, მდაბლდება და ამ სიმდაბლის შედეგად მასთან მოდის სულიწმიდის მადლი და ის იმკვიდრებს საუკუნო ცხოვრებას. ეს არის უმთავრესი ჩვენს სარწმუნოებაში.
თუ გახსოვთ, კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ამაღლების დღესასწაულზე სიხარულის თაობაზე იქადაგა, მან თქვა, რომ ადამიანი სიხარულისთვის არის შექმნილი. აქ საუბარია სულიერ სიხარულზე, ჭეშმარიტ სიხარულზე, რომელსაც უფალი იესო ქრისტე საუბრობს. ეს არის მიზანი ჩვენი ცხოვრების. ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენ ვიაროთ სულის გადარჩენის გზით, უფლის მცნებების გზით, რათა მოვიხვეჭოთ მადლი სულისა წმიდისა”,- განაცხადა მეუფე შიომ.