“ჩემი ყოველდღიური საქმიანობა ისაა, რომ ბოსტანში ვჩიჩქნი თოხუკათი მიწას ” – ჭუბერელი დედა-შვილი “რეგიონული კვირის” ობიექტივში
აფხაზეთიდან დევნილი ნინო გადრანი, შვილთან ერთად ზემო სვანეთში, ჭუბერის თემის სოფელ ყარში უმძიმეს პირობებში, ნათესავის მიერ ნათხოვარ სახლში უკვე 26 წელზე მეტია ცხოვრობს. მეუღლე ადრე გარდაეცვალა, ყველაზე მეტად აფხაზეთი ენატრება და დაბრუნებაზე ოცნებობს.
„გამომრეკეს აფხაზებმა, გამოვიქეცი სახლიდან და იმ დღის შემდეგ ვცხოვრობ ჩემი ქმრის ბიძის სახლში, ჭუბერში. რა მოსაწონია აქ პირობები, მაგრამ თავს ზემოთ ძალა აღარაა და რა ვქნა?! ჩემი ყოველდღიური საქმიანობა ისაა, რომ ბოსტანში ვჩიჩქნი თოხუკათი მიწას. მინდა და სურვილი მაქ, მქონდეს ორი სუფთა ოთახი, სადაც მე და ჩემი შვილი ვიცხოვრებთ. აფხაზეთი მენატრება. სანამ დედ-მამა მყავდა გახარებული ვიყავი, რაც დედ-მამა დამეხოცა არაფერში აღარა ვარ“,- უთხრა “რეგიონულ კვირას” 70 წლის ნინო გადრანმა.
სახლის ერთადერთი ოთახი, რომელიც 20 კვ. მეტრია, მისაღებიცაა, სამზარეულოც და საწოლი ოთახიც. როგორც ნინომ გვითხრა, წვიმის დროს სახურავიდან წყალი ჩამოდიოდა, რაც არსებულ მძიმე ვითარებას კიდევ უფრო გაუსაძლისს ხდიდა, თუმცა მთავრობის დახმარებით სახლს უკვე ახალი სახურავი აქვს.
დედა-შვილის შემოსავალი, სოციალური დახმარება და პენსიაა, მათი ყოველდღიური საკვები ულუფა უმეტესად ლობიო და პურია.
“რეგიონულ კვირას” დედა-შვილის, ნინოსა და მზიკოს ისტორიის შესახებ LAG Upper Svaneti – „ზემო სვანეთის“ ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა უამბო. ორგანიზაცია, კორონავირუსის პანდემიის ფონზე, მესტიის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მარტოხელა მოხუცებისა და შშმ პირებს აღრიცხავს და მათ საჭიროებებს სწავლობს.
სოფიო კაკაჩია