„ბებიასეული ძველი რეცეპტები ამოვიღე და თანამედროვე ელემენტები შევმატე“- ახალგაზრდა მეწარმე ლეჩხუმიდან

ნანა უჩაძე ქუთაისში დაიბადა და გაიზარდა, მაგრამ მისი ოჯახი ცაგერში, მამაპაპისეულ სოფელ უცხერში, ბებია-ბაბუასთან ყოველ შაბათ-კვირას ადიოდა ხოლმე. სოფლის სიტკბო და სიყვარული ნანას და მის ძმას იმ დოზით „შეეყარათ“, რომ წინაპართა ეზო-კარმიდამო, მათი გარდაცვალების შემდეგ ნასახლარად არ აქციეს. და-ძმამ ქუთაისში სამსახურები დატოვა და სოფელ უცხერში გადავიდა საცხოვრებლად.

სოფელში ასულებმა ირგვლივ მიმოიხედეს და აღმოაჩინეს, რომ თუ ცოტას მაინც მოინდომებდნენ და იშრომებდნენ, სოფელი, ვაზი და ხეხილი იმაზე კარგად აძლევდათ ცხოვრების გაუმჯობესების საშუალებას, ვიდრე წარმოედგინათ.

ნანას ძმამ ღვინის წარმოება და ჩამოსხმა დაიწყო, თავად ნანამ კი გამოფენებზე გასატან ღვინოს ესთეტიკისა და რეკლამირებისთვის, საკუთარი შრომით სახლში დამზადებული ჩირი და ტყლაპი შემოულაგა, ამას კი არა მარტო ღვინისადმი, არამედ მისი პროდუქციისადმი დაინტერესებაც მოჰყვა და გადაწყვიტა ამ საქმით, სერიოზულად დაკავებულიყო.

„ლეჩხუმში თუ რამ ხილი მოდის, აბსოლუტურად ყველა მცენარეა ჩვენს ეზოში, არადა ხილს რეალიზაციას ვერ ვუკეთებდით, ფუჭდებოდა. ერთ დღესაც გამახსენდა, რომ ბებია უგემრიელეს ჩირს,ტყლაპს და ჩურჩხელებს ამზადებდა, ბებიასეული რეცეპტები არქივიდან ამოვალაგე, დამზადება დავიწყე და ჩემეული თანამედროვე ელემენტებიც შევმატე“, -უყვება „რეგიონულ კვირას“ ახალგაზრდა მეწარმე ქალი.

თავდაპირველად გაუჭირდა, მაგრამ ნელ-ნელა საქმე დახვეწა და ახლა საკუთარი ნიშა აქვს. უკვე ყველა გამოფენაზე იწვევენ და კარგადაც იცნობენ, სწორედ მისმა წარმოებულმა ხარისხიანმა პროდუქციამ განაპირობა ის, რომ ღვირიშის თემში ქალთა ეკონომიური გაძლერების მიზნით შესულმა ფონდმა “ტასომ“ საშრობი აჩუქა, საშრობით ნანას შრომაც შეუმსუბუქდა და პროდუქციის რაოდენობაც გაიზარდა.

“უამრავი ხილი მაქვს ეზოში, ყველა მათგანს “შევებრძოლე“,ადრე ხელით მიწევდა ხილის დამუშავება და აივნებზე გამოშრობა, მერე ფონდმა “ ტასომ“ საშრობი რომ მაჩუქა, წელში გავიმართე და ახლა უკვე ბიოეკონომიური საშრობით ვამზადებ ჩირს, ქიშმიშს, ტყლაპებს“, ამბობს ნანა უჩაძე.

ნანას პატარა საწაარმოს გაკეთება და წინ წასვლა აქვს დაგეგმილი. ფართო ბაზარზე გასვლაც უნდა, ამისთვის კი ის დანადგარები სჭირდება, რომლებიც ხილს გაშრობამდე მიიყვანს.

“გასათლელი და დასაჭრელი დანადგარები მესაჭიროება, მინდა პატარა საწარმო გავაკეთო და ფარო ბაზარზე გავიდე, ვიცი,ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ მინდა, ისევ პროექტებში მივიღო მონაწილეობა და მოვიპოვო დაფინანსება.თუ ამას მივაღწევ, ძალიან ბედნიერი ვიქნები“,- აღნიშნავს მეწარმე.

ნანა უჩაძეს ორიენტირი ხარისხზე აქვს აღებული. შესაბამისად, მოთხოვნაც აქვს, გუდაურის სასტუმროებსაც ამარაგებს. უკვე ყველამ იცის, რომ ეკოლოგიურად სუფთა ჩირი, ტყლაპი და მათგან დამზადებული ნახარშები ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგელოა. ნანას იმის გამო, რომ ლეჩხუმელი მეწარმე ჰქვია, უნდა ლეჩხუმშიც გაიცნონ პროდუქციის სიკეთეები.

“ლეჩხუმში, საბავშვო ბაღებსა და კვების ობიექტებს ჩემი პროდუქცია ს მინდა შევთავაზო, იმედია მოლაპარაკებას შევძლებთ და ლეჩხუმელები ლეჩხუმურ სიკეთეს პიტრველ რიგში მიიღებენ“,- გეგმავს ახალგაზრდა მეწარმე.

მეწარმე “რეგიონულ კვირას” უყვება, რომ პანდემიის დროს სოფლის სიტუაცია და ადამიანების მსოფლმხედველობა რადიკალურად შეიცვალა.

„აქ , უცხერში, მიტოვებულ სოფელში, ხალხი მობრუნდა, დაფიქრდნენ და მიხვდნენ, რომ სოფელი საჭირო ყოფილა. ერთი სურვილი მინდა გაგანდოთ – ისე მინდა წავიდეს საქმე, რომ პანდემიისა და ჭირის გარეშეც არ მიატოვონ ადამიანებმა ჩვენი სოფლები“, – ამბობს ნანა უჩაძე.

მარინე სვანიძე

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები