ბექა ლილუაშვილი: გარკვეული კატეგორიის დეველოპერული კომპანიებისთვის Escrow ანგარიში იქნება სავალდებულო
ჩვენ არ ვართ ორიენტირებული მხოლოდ მოკლევადიან მიზნებსა და ამოცანებზე, ვცდილობთ, რომ ეს კრიზისი ვაქციოთ სხვადასხვა შესაძლებლობად და ამ სულისკვეთებით ვცდილობთ, რომ განვახორციელოთ ღონისძიებები, რომლებიც გრძელვადიან პერიოდშიც გააჯანსაღებს დეველოპერულ სექტორს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა, დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.
როგორც პრემიერის მრჩეველმა აღნიშნა, სექტორთან შევთანხმდით იმაზე, რომ 2020-2021 წლიდან Escrow ანგარიშის გამოყენება იქნება სავალდებულო, გარკვეული პირობების გათვალიწინებით.
“აქ საუბარია იმაზე, რომ წლების განმავლობაში, ისტორიულად, ვერ მოხერხდა ე.წ. Escrow ანგარიშების დანერგვა ამ სექტორის საქმიანობაში და ჩვენ გადავწყვიტეთ და სექტორთან შევთანხმდით იმაზე, რომ 2020-2021 წლიდან, Escrow ანგარიშის გამოყენება იქნება სავალდებულო, გარკვეული პირობების გათვალიწინებით. ეს არის საბანკო ანგარიში, რომლის გამოყენებითაც მსესხებელი დაზღვეულია იმისგან, რომ მშენებლობა არ დასრულდება. როდესაც მშენებელი სესხის საშუალებით ყიდულობს უძრავ ქონებას, ის მთლიან თანხას ურიცხავს მშენებელს და შემდეგ მშენებელი სხვადასხვა რისკებიდან გამომდინარე შესაძლოა დადგეს იმ პრობლემის წინაშე, რომ ვერ დაასრულოს მშენებლობა Escrow ანგარიშის გამოყენებით მსესხებლის მიერ გადახდილი თანხები გროვდება ამ ანგარიშზე და სამშენებლო პროცესის პარალელურად, ან დასრულების შემდეგ შეუძლია ამ თანხების გამოყენება. ეს ნაბიჯი მრავალ ევროპულ ქვეყანაშია დანერგილი და ჩვენ შევქმნით სტანდარტს, რომელიც გამოაჯანსაღებს სექტორის მდგომარეობას. ეს არ იქნება სავალდებულო ყველა დეველოპერული კომპანიისთვის, ეს შეეხება გარკვეული კატეგორიის დეველოპერულ კომპანიას და გაყიდვების მოცულობას და ამ საკითხზე სექტორთან კომუნიკაციას ვაგრძელებთ”, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.