“დაუოკებელი სურვილი დღევანდელი ოპოზიციის ნაწილის მხრიდან, არ შენიშნოს პროგრესი გარკვეულ სფეროებში, ადასტურებს პოლიტკულტურის, პრაქტიკულად, ნულოვან დონეს ჩვენს ქვეყანაში”

“დაუოკებელი სურვილი დღევანდელი ოპოზიციის ნაწილის მხრიდან, არ დაინახოს კარგი, არ შენიშნოს პროგრესი გარკვეულ სფეროებში, არ აღნიშნოს საქართველოს ასე ცალსახა გამარჯვება ახალ კორონავირუსზე და სხვ. კიდევ ერთხელ ადასტურებს პოლიტკულტურის, პრაქტიკულად, ნულოვან დონეს ჩვენს ქვეყანაში”, – ამის შესახებ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ-კანცლერი, რუსუდან თევზაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ქვეყნის განვითარებისათვის ერთნაირად მნიშვნელოვანია ყველა ტიპის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

“ქვეყნის განვითარებისათვის ერთნაირად მნიშვნელოვანია ყველა ტიპის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ასე, მაგალითად, მოსახლეობის ფსიქოლოგიური მედეგობის თვალსაზრისით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია სოციალური უსაფრთხოება. მოქალაქეთა სოციალური უსაფრთხოების დარღვევის რისკები ყოველთვის არსებობდა და იარსებებს, თუმცა აუცილებელია, მოხერხდეს და მინიმუმამდე შემცირდეს აღნიშნული უსაფრთხოების რისკების გამააქტიურებელი ფაქტორები. სწორედ ამგვარ ფაქტორებს წარმოადგენს რადიკალური პოლიტიკური ჯგუფებისა თუ პოლიტ „ლიდერების“არასახელმწიფოებრივი ნარატივები, უფრო მარტივად კი ერთმნიშვნელოვანი ტყუილები.

დღეს ბევრმა მოისმინა ქალბატონი ნინო ბურჯანაძის „წუხილი“, რომელიც, სავარაუდოდ, შალვა ნათელაშვილის „საქმიან ეზოში“ შეჯერებული აზრების გახმოვანებაა, რომლის მიხედვითაც, თურმე, დასავლეთში “ოცნების” იმიჯი განადგურებულა, მთავრობას ცუდი საქმეების კეთებაში “ნაციონალებისთვის” გაუსწრია, ოპოზიცია შეურაცხყოფილია და სხვ. მწარე ირონიაა იმ ფაქტში, რომ ეს ხდება 26 მაისის მიჯნაზე, რომელიც წესით ბურჯანაძისთვის უმძიმესი მოგონების თარიღი უნდა იყოს და „წუხილს“ სულ სხვა მიმართულებით უნდა გამოთქვამდეს.

სახლის პირობებში, კვლავაც დაუღალავია დავით ბერძენიშვილი, რომელმაც თბილისის მერ კახა კალაძეს დაუწუნა სატრანსპორტო პოლიტიკა საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდეგ. უნდა ვიფიქროთ, რომ ბერძენიშვილს პოლიტიკური თემები შემოელია და ქალაქების ურბანულ განვითარებას მიჰყო ხელი ამ მოცალეობისას.

დაუოკებელი სურვილი დღევანდელი ოპოზიციის ნაწილის მხრიდან, არ დაინახოს კარგი, არ შენიშნოს პროგრესი გარკვეულ სფეროებში, არ აღნიშნოს საქართველოს ასე ცალსახა გამარჯვება ახალ კორონავირუსზე და სხვ. კიდევ ერთხელ ადასტურებს პოლიტკულტურის, პრაქტიკულად, ნულოვან დონეს ჩვენს ქვეყანაში. ამ შემთხვევაში, შესაძლოა, არ გახარებდეს ქვეყნის წარმატება და ხმაც არ ამოიღო, მაგრამ წარმატების წარუმატებლობად გასაღების მანიაკალური მცდელობები, გარკვეულწილად, დიაგნოზია, რომელიც, სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში არჩევნების შედეგებზეც მკაფიოდ აისახება”, – წერს თევზაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები