“თხილის მოსავლის დაცვის მიზნით, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა ამ პერიოდში უნდა ჩატარდეს”

“თხილის მოსავლის დაცვის მიზნით, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა ამ პერიოდში უნდა ჩატარდეს”, – ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

სააგენტოს ცნობით, ქვეყანაში შექმნილი ვითარების მიუხედავად, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები შეუფერხებლად მიმდინარეობს. დასავლეთ საქართველოში მავნებლის რიცხოვნობისა და არეალის დადგენის მიზნით მონიტორინგი აქტიურად ხორციელდება.

“მონიტორინგის შედეგებით, მავნებელი, მისი ბიოლოგიური ციკლიდან გამომდინარე, ახლა იწყებს კვერცხდებასა და გამრავლებას. შესაბამისად, ამ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფერმერების ჩართულობა და შეწამვლის სამუშაოების დროულად და სწორად ჩატარება.

მიუხედავად იმისა, რომ მავნებლის რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული, მას თხილის მოსავლის დაზიანება ნებისმიერ დროს შეუძლია.

სურსათის ეროვნული სააგენტო, „თხილის გადარჩენის პროგრამის” ფარგლებში, აქტიურად თანამშრომლობს თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან, რომელშიც ათი ათასობით მეთხილე ფერმერია გაწევრიანებული. ფერმერთა ჯგუფები რეკომენდაციებს იღებენ 150 აგრონომ-კონსულტანტისაგან. შეწამვლითი სამუშაოებისათვის გამოყოფილია 2500 სპეციალური შესაწამლი აგრეგატი.

ასოციაციაში განმარტავენ, რომ დასავლეთ საქართველოში ფერმერები აგროსამუშაოებს აგროკონსულტანტების რეკომენდაციებით აქტიურად ახორციელებენ. თუმცა იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ თხილის მოსავლის დაზიანება და შენარჩუნდეს და გაუმჯობესდეს შარშან მიღწეული შედეგები, უმნიშვნელოვანესია, ინტენსიურად გაგრძელდეს მოსავლის დაცვის ღონისძიებები და სოკოვან დაავადებებთან ერთად, სწორედ ამ პერიოდში ჩატარდეს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა შემუშავებული სქემის მიხედვით”, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

„თხილის გადარჩენის პროგრამა” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ „თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან” ერთად 2019 წელს შეიმუშავა. პროგრამის ფარგლებში ჩატარდა კომპლექსური ღონისძიებები (სახელმწიფომ ასოციაციას გადასცა შესაწამლი აპარატები, რომლითაც ისარგებლეს ფერმერებმა, აგროკონსულტანტების მონაწილეობით ჩატარდა მასშტაბური საკონსულტაციო სამუშაოები). სახელმწიფოს და კერძო სექტორის ერთობლივი მუშაობის შედეგად 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, ფერმერებმა თხილის კარგი მოსავალი მიიღეს.

აზიური ფაროსანას მონიტორინგის მიზნით, USAID/საქართველომ თხილის სექტორის განვითარების პროექტის” (G-HIP) ფარგლებში, სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიმდინარე წელს 104 ათასი ფერომონი (მავნებლის მოსაზიდი) გადასცა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები