“მას შემდეგ, რაც ბრალდებულმა აღიარა დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ადვოკატთან შეთანხმებით მათ ითხოვეს საპროცესო შეთანხმება” – 19 წლის ბელა მეი კალის საქმის პროკურორი

“მას შემდეგ, რაც ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ადვოკატთან შეთანხმებით მათ განცხადებით მომართეს პროკურატურას – ითხოვეს საპროცესო შეთანხმება”, – ამის შესახებ საქართველოში ნარკოტიკების შემოტანის საქმეზე დაკავებული 19 წლის, ბრიტანეთის მოქალაქის, ბელა მეი კალის საქმის პროკურორი აცხადებს.

როგორც ვახტანგ ცალუღელაშვილი განმარტავს, ბელა მეი კალის წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს – მას თავისუფლების აღკვეთა 5 თვისა და 24 დღის ვადით მიესაჯა, თუმცა, დაკავებიდან მას ეს ვადა მოხდილად ჩაეთვალა და დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა 500 ათასი ლარის ოდენობით.

“ჩვენ მიერ განხილული იქნა აღნიშნული საკითხი, გათვალისწინებული იქნა ბრალდებულის აღიარება, გათვალისწინებული იქნა მისი ასაკი, მდგომარეობა და საბოლოოდ, მხარეები შეჯერდნენ და დღეს დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება. ბრალდებულს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 5 თვის და 24 დღის ვადით და დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა 500 000 ლარის. მან დაასახელა თავისი კონტაქტები, რასთან დაკავშირებითაც საქმიდან გამოყოფილია სხვა სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება”, – განმარტა პროკურორმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები