ბექა დოჭვირი: უფრო სწრაფად გავხსენით ეკონომიკის გარკვეული დარგები, ვიდრე ეს გეგმით იყო გათვალისწინებული

ისევე, როგორც სხვა განვითარებული ქვეყნები, ვაკვირდებით, უკვე გახსნილმა ეკონომიკურმა სფეროებმა, რა ზეგავლენა მოახდინა დაავადების გავრცელებაზე. შემდგომ ხდება უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში აღნიშნულთან დაკავშირებით მსჯელობა და დამატებით, ახალი გადაწყვეტილებების მიღება, – ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ბექა დოჭვირმა განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტმა დღეს მიიღო „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონში ცვლილებები, რომელიც ხელისუფლებას, მთავრობას აძლევს უფლებამოსილებას, ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე იმისათვის, რომ კონტროლი იყოს შესაბამისი, განახორციელოს რიგი შეზღუდვების დაწესება.

„დღეის მდგომარეობით, ჩვენ მოვხსენით კომენდანტის საათი, რომელიც დღეს, ღამის 12 საათიდან იქნება მოხსნილი. აგრეთვე, გადაადგილებასთან დაკავშირებით შეზღუდვა მოხსნილია, მაგრამ ბუნებრივია, რეკომენდაცია რჩება, რომ ხანდაზმულმა ადამიანებმა, რომლებიც 70 წლის და ზემოთ არიან, მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში დატოვონ საცხოვრებელი ადგილი. ასევე, მოიხსნა 3 კაციანი შეზღუდვა, როდესაც მგზავრობა ხდება ავტომობილით. ეს შეზღუდვა დარჩა მხოლოდ ტაქსით გადაადგილებისას. დანარჩენ შეზღუდვებთან დაკავშირებით, ბუნებრივია, წარმოდგენილი არის ეკონომიკის გახსნის 6 ეტაპიანი გეგმა და მთავრობა ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, ექსპერტებთან კონსულტაციით, ეტაპობრივად ახორციელებს აღნიშნული შეზღუდვების მოხსნას.
ბუნებრივია, ყველა აკვირდება და საზოგადოება ნათლად ხედავს, რომ იქიდან გამომდინარე, როდესაც ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დასტაბილურდა, ჩვენ ეს ფაზები დავაჩქარეთ და უფრო სწრაფად გავხსენით ეკონომიკის გარკვეული დარგები, ვიდრე ეს გეგმით იყო გათვალისწინებული”, – განაცხადა ბექა დოჭვირმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები