ვალუტის გადამცვლელი ობიექტებისთვის ვირუსის გავრცელების პრევენციული რეგულაციები შემუშავდება
ვალუტის გადამცვლელი ობიექტებისთვის ვირუსის გავრცელების პრევენციული რეგულაციები შემუშავდება, – ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენი, მიხეილ დაუშვილი აცხადებს.
ბიზნესომბუდსმენის აპარატის პრესსამსახურის ცნობით, დღეს ბიზნესომბუდსმენმა, მიხეილ დაუშვილმა და ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტმა ვალუტის გადამცვლელთა ასოციაციასთან ობიექტების გახსნასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს, იმსჯელეს სავალუტო ჯიხურების გახსნის ვადების დაჩქარებისა და ობიექტებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელ რეგულაციებზე.
ვიდეოჩართვაში ვალუტის გადამცვლელთა ასოციაციის დირექტორი – ნინო ქავთარაძე, ასოციაციის თავმჯდომარეები: რატი მაღლაკელიძე, რეზვა ყულოშვილი, პაატა ჩუბინიძე და ასოციაციის წევრი კომპანია „სოფთ ლოუნის” წარმომადგენელი, ვახტანგ გრიგალაშვილი მონაწილეობდნენ.
როგორც ბიზნესომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, ვალუტის გადამცვლელთა ასოციაციასთან კონსულტაციები გაგრძელდება და პროცესში შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი ჩაერთვება.
საქართველოს მთავრობის შეზღუდვების მოხსნისა და ეკონომიკის ამოქმედების გეგმის მიხედვით, ყველანაირი საფინანსო მომსახურების გახსნა მეოთხე ეტაპზეა დაგეგმილი.
„ვალუტის გადამცვლელი ობიექტები არიან მნიშვნელოვანი სერვისის მიმწოდებლები და, როგორც დღეს მათგან მოვისმინეთ, ყოველდღიურად მილიონამდე მომხმარებელს ემსახურებიან. ჩვენ შევთანხმდით, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით ვალუტის გადამცვლელი ობიექტებისთვის შემუშავდება ვირუსის გავრცელების პრევენციული რეგულაციები და ცხადია, ბიზნესომბუდსმენის აპარატი მხარს დაუჭერს, რომ აღნიშნული მნიშვნელოვანი ბიზნეს სექტორის გახსნა მოხდეს დროულად. მაგრამ აუცილებელია, რომ ეს გახსნა იყოს მდგრადი და სექტორში მოხდეს კორონავირუსის გავრცელების პრევენციული სტანდარტების დანერგვა და დაცვაც”, – აცხადებს მიხეილ დაუშვილი.