რომან კაკულია: OECD-ის სხავადასხვა კომიტეტი, მათ შორის, საინვესტიციო კომიტეტი, საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობას უფრო აქტიურად გააგრძელებს
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ევრაზიის განყოფილების უფროსთან, უილიამ ტომსონთან ონლაინშეხვედრა გამართა.
ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ახალი რეალობა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას უქმნის ახალ გამოწვევებს, რომლის დაძლევასაც სჭირდება ახალი ცოდნა და ახალი ინსრუმენტების ჩართვა, სწორედ ამ პოლიტიკის განსაზღვრის საკითხებს შეეხო დღევანდელი ონლაინშეხვედრა.
“უილიამ ტომსონთან ჩვენ ერთი მხრივ მიმოვიხილეთ დღემდე არსებული ფორმატები OECD-ისთან თანამშრომლობისა, სადაც ეკონომიკის სამინისტრო საკმაოდ მჭიდროდ არის ჩართული და შევთანხმდით იმაზე, რომ სხავადასხვა კომიტეტი OECD-ის, მათ შორის, საინვესტიციო კომიტეტი უფრო აქტიურად გააგრძელებს თანამშრომლობას საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებთან იმისათვის, რომ ახალი რეალობა, რომელიც კორონავირუსის შემდეგ შეიქმნა და რომელიც ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებას, როგორიც არის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, უქმნის ახალ გამოწვევებს, დაიძლიოს. კერძოდ, უკვე არსებული ინსტრუმენტებით სიღარიბესთან უფრო ახლო დისტანციაზე მისვლა არის ახალი გამოწვევა ამას სჭირდება ახალი ცოდნა და ახალი ინსრუმენტების ჩართვა. ამაზე შევთანხმდით და ქვეყნის საპროგრამო დოკუმენტში, რომელიც, პრინციპში, OECD-ის ეგიდით მზადდება ხოლმე, ჩვენ შევეცდებით, რომ ავსახოთ ეს ახალი რეალობა.
OECD-ისთან თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენ ბევრ საერთაშორისო ორგანიზაციასთან ვთანამშრომლობთ, მაგრამ ეკონომიკური პოლიტიკისა და ხედვის ნაწილში ჩვენი ჩამოყალიბებისათვის OECD არის ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზაცია, რომელიც სწორედ პოლიტიკის განსაზღვრის ნაწილში თანამშრომლობს ყველა ჩვენს მსგავს ქვეყანასთან. მათი გამოცდილება უკვე განზოგადოებული და კონკრეტულ რეკომენდაციად გადაქცეული ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და სწორედ ამას ემსახურებოდა დღევანდელი შეხვედრა”, – განაცხადა რომან კაკულიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.