ფერმერებზე ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული მხარდაჭერა 20 მაისიდან ეტაპობრივად გაიცემა

სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ფერმერებისთვის გათვალისწინებული დახმარების პროგრამების განხორციელება ხვალიდან, 20 მაისიდან იწყება.
​სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 20 მაისიდან, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების“ პროგრამით გათვალისწინებული ქულების დარიცხვა “ლიბერთის ბანკის” აქტიური ანგარიშის მქონე ბენეფიციარებისათვის ეტაპობრივად დაიწყება, ასევე ეტაპობრივად მოხდება “ლიბერთი ბანკის” მიერ აგრობარათების დარიგება.
“ფერმერთა საყურადღებოდ! – პროგრამის პოტენციური ბენეფიციარების სიმრავლიდან გამომდინარე, მასობრივი შეკრებების თავიდან აცილების მიზნით, მხოლოდ პროგრამაში მონაწილეობისა და დარიცხული ქულების შესახებ ინფორმაციის ვებ-პორტალზე myliberty.ge. გადამოწმების შემდეგ მიმართეთ ბანკს. ბანკში ვიზიტის დროს თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
​პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდიის მისაღებად საჭიროა, ფიზიკურ და იურიდიული პირებს საკუთრებაში ჰქონდეთ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული 0.25-დან 10 ჰა-მდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. სუბსიდიის მოცულობა 1 ჰექტარ მიწაზე განისაზღვრა 200 ლარით (აგრობარათზე დარიცხული 200 ქულით). ქულების გამოყენება შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო საქონლის შესაძენად სპეციალიზებულ მაღაზიებში.
​სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ სტრატეგიული მიმართულებების ხელშეწყობის პროგრამებში რეგისტრაცია მიმდინარეობს, დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ვებ-გვერდზე arda.gov.ge
​სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ ფერმერებსა და მეწარმეებს შესაძლებლობა ეძლევათ სახელმწიფოსგან მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერა მიიღონ. ანტიკრიზისული გეგმა 1 ჰექტარ რეგისტრირებულ მიწაზე ფერმერისთვის 850-დან 1700 ლარამდე დახმარების გაცემას ითვალისწინებს. გარდა ამისა, გაზრდილია სახელმწიფოს მხრიდან საკრედიტო და საგრანტო დახმარების მოცულობა, ტექნიკური დახმარება და სხვა”, – აღნიშნულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები