სვენ მიქსერი: საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც 2024 წლიდან სრულად საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ სისტემას ითვალისწინებს, ძალიან გაბედული ნაბიჯი იყო, რისთვისაც ხელისუფლება შექების ღირსია
“რეფორმა, რომელიც 2024 წლიდან სრულად საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ სისტემას ითვალისწინებს, ძალიან გაბედული ნაბიჯი იყო, რისთვისაც ხელისუფლება შექების ღირსია”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, სვენ მიქსერმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომელზეც საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე მსჯელობენ.
ევროპარლამენტარი საქართველოს მიერ გატარებულ კოვიდ-19 პანდემიასთან დაკავშირებულ ღონისძიებებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ საქართველომ დამსახურებული აღიარება მოიპოვა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე, ქვეყნის გარეთაც.
„ევროპარლამენტის ძირითად პოლიტიკურ ჯგუფებს შორის არსებობს კონსენსუსი, როდესაც საქმე ეხება საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. ასევე, ფართო მხარდაჭერა აქვს საქართველოს ლეგიტიმურ მისწრაფებას, უფრო ახლოს ინტეგრირდეს ევროპულ სტრუქტურებში. საქართველოს მიერ კოვიდ-19 პანდემიასთან დაკავშირებულმა ღონისძიებებმა, ვფიქრობ, დამსახურებული აღიარება მოიპოვა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთაც. სამაგალითო იყო ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა კრიზისზე რეაგირებისას. ევროკავშირმა საქართველოს 250 მილიონი გრანტის სახით და დამატებით 150 მილიონი სესხის სახით გამოუყო. საქართველო ყველაზე მთავარი თუ არა, ერთ-ერთი უმთავრესი მიმღებია ევროკავშირის დახმარებების კუთხით, ერთ სულ მოსახლეზე”, – განაცხადა სვენ მიქსერმა.
ევროპარლამენტარი სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებასაც შეეხო და განაცხადა, რომ პოლიტიკური ოპოზიციის ორი მსჯავრდებული წევრის შეწყალების შესახებ გზას უხსნის პოლიტიკური დაძაბულობის მოხსნას.
„მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ევროპარლამენტის ფუნქცია არაა, რომ მივუთითოთ საქართველოს ან რომელიმე სხვა პარტნიორს, ზუსტად როგორი საარჩევნო სისტემა უნდა ჰქონდეთ მათ. ამის მიუხედავად, ვფიქრობ, რომ საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც 2024 წლიდან სრულად საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ სისტემას ითვალისწინებს, ძალიან გაბედული ნაბიჯი იყო, რისთვისაც ხელისუფლება შექების ღირსია. უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ხალხი და მისი არჩეული ლიდერები რეფორმებს ახორციელებენ ვითარებაში, როდესაც ქვეყნის ნაწილი კვლავ უცხო ქვეყნის ოკუპაციის ქვეშაა. ამიტომ ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, ერთგული დავრჩეთ ჩვენი პრინციპების, რაც გულისხმობს საერთაშორისო სამართლის დაცვას, და დავგმობთ ოკუპაციას, მათ შორის ბორდერიზაციის პროცესს, დეზინფორმაციისა მცდელობებსა და კიბერშეტევებს, რომლებიც ძირითადად რუსეთს მიეკუთვნება და, ასევე, რუსეთის ფედერაციის დე ფაქტო კონტროლის ქვეშ მყოფ რეგიონებში ადამიანის უფლებების მუდმივ ხელყოფას”, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.