მახვშის სავარძელზე ამოტვიფრული „ვეფხისტყაოსანი“- ხეზე კვეთის თვითნასწავლი 25 წლის ოსტატი ლენტეხიდან

25 წლის ბაჩო ლიპარტელიანი ხეზე კვეთის თვითნასწავლი ოსტატია, რომელიც სოფელ ყარიშში ცხოვრობს. ბაჩომ ჯერ ლენტეხის სამხატვრო სკოლა, შემდეგ თბილისში კოლეჯი “სპექტრი“ დაამთავრა, მშობლიურ კუთხეს, ქვემო სვანეთს დაუბრუნდა და ახლა, საკუთარ საამქროში უნიკალურ ნაკეთობებს ქმნის. 
„რეგიონული კვირის” ობიექტივს ახალგაზრდა ოსტატი არ გამორჩენია და  მის უჩვეულო ხელწერაზე გიამბობთ.
ბაჩოს მხატვრობა ბავშვობიდანვე იტაცებდა. სადმე ცხოველს თუ თვალს მოჰკრავდა, მაშინვე მუყაოს ქაღალდებისგან მათ ფიგურებს ნახაზის გარეშე ჭრიდა, დროთა განმავლობაში მიხვდა, რომ ახალი და უფრო რთული გამოწვევებისთვისაც მზად იყო. მხარეში ცნობილმა ხეზე კვეთის ოსტატებმა  ვახტანგ და ანდრო მუკბანიანებმა ხელობა შეასწავლეს. სწავლის პროცესში გააცნობიერა, რომ ეს საქმიანობა სწორედ ის იყო, რისი გაკეთებაც სიცოცხლის ბოლომდე გააბედნიერებდა.

შემდეგ იყო “აწარმოე საქართველოს” პროექტების კონკურსი, სადაც ბაჩომ გაიმარჯვა და 5 000-ლარიანი გრანტი მოიპოვა. დაზგები შეიძინა და საკუთარ სახლში პატარა საამქროც მოაწყო. სწორედ აქ აკეთებს ახალგაზრდა ოსტატი თავის უნიკალურ შედევრებს.

ყველაზე გამორჩეული მახვშის სავარძელზე გაცოცხლებული “ვეფხისტყაოსანია”.  ბაჩო ლიპარტელიანს მის შესაქმნელად 9 თვე დასჭირდა. ამბობს, რომ არცერთ გათენებულ ღამეს არ ნანობს, რადგან მისთვის ეკონომიკურ ფაქტორს მნიშვნელობა არ აქვს და რომ მთავარი საქართველოს დიადი ისტორიისა და კულტურის თავისი საქმით გადმოცემაა.

თავის ნამუშევრებში ქართული ორნამენტების გათანამედროვეობასაც ისე ცდილობს, მთავარი ხაზი რომ არ დაირღვეს. 

„იდეა 5 წლის წინ გამიჩნდა,მაგრამ სიმართლე გითხრათ, შინაგანად მზად არ ვიყავი. დიდ ხანს ვფიქრობდი, რომელი სცენები და პერსონაჟები გამომერჩია, მერე ლენტეხში ჩავედი, კაკლის მასალა შევიძინე და საქმეს შევუდექი“, – იხსენებს “რეგიონულ კვირასთან” ბაჩო.

მახვშის სავარძელზე პოემიდან არაერთი ეპიზოდი თუ პერსონაჟია დატანილი. პირველი რაც თვალში მოგხვდებათ სავარძლის საზურგეზე ამოტვიფრული პოემის ავტორი – შოთა რუსთაველია, რომელიც იმდენად ნატიფადაა შესრულებული, რომ გულგრილს ვერავის დატოვებს. ერთი შეხედვით იცნობთ – კოსმოსური ამბიციით შეპყრობილ, “ბრძენ და მაღლით მხედ” ნესტან-დარეჯანსაც, სატრფოს გატაცებით დანაღვლიანებულ ვეფხვის ტყაოსან ტარიელს და რა თქმა უნდა, თვალს ვერ აარიდებთ, პოემის ერთ-ერთ ყველზე მძაფრ ეპიზოდს – ხატაეთის ომს.

„ვცდილობდი, ისეთი რამე შემექმნა, რომელიც ერთი და გამორჩეული იქნებოდა. მგონი გამომივიდა, ეკონომიკურ მხარეზე მუშაობის დროს საერთოდ არ ვფიქრობ, ეს რომ მინდოდეს, სამუშაო და შეკვეთები ისედაც მაქვს. სხვა რამეებიც მეხერხება. მაგრამ იდეების განხორციელების დროს ჩემი შემოქმედების სრულყოფა ინაცვლებს ხოლმე“, – გვიყვება ხეზე კვეთის ოსტატი.

რასაც აკეთებს ძირითადად მეგობრებს ჩუქნის, სამახსოვროდ. თუმცა ეკონომიკური არასტაბილურობის გამო „ვეფხისტყაოსნიანი“ სკამის გაყიდვა უწევს. გული წყდება, მაგრამ ახალი მისწრაფება აქვს – საქართველოს რუკა უნდა გამოკვეთოს ხეზე და მასზე ყველა გამორჩეული მეფე დაიტანოს – რისთვისაც მასალა სჭირდება. საყიდელი ფული კი არ აქვს.
„გაყიდვა ძალიან მენანება, მაგრამ ხის მასალისგან საქართველოს დიდი რუკის გაკეთება მინდა, რომელზეც ერთიანი საქართველოს მეფეები და ჩვენი ქვეყნის ისტორია უნდა დავიტანო“, – ამბობს ბაჩო ლიპარტელიანი.

ბაჩოს სხვა გეგმებიც აქვს – აპირებს არ გაჩერდეს და იშვიათი, უნიკალური ნაკეთობები შექმნას, როგორც ეს სკამია.

მარინე სვანიძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები