გოჩა ქავთარაძე: ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტი მაღალმთიანი დასახლებების განვითარებაა – სოფლების ელექტროფიცირება მნიშვნელოვანი ნაბიჯია სოციალური თვალსაზრისით

ხევსურეთში გორშეღმის ხეობის სოფლები – წინხადუ, უკანხადუ და ზეისტეჩო ელექტროფიცირდა.
ელექტრომომარაგების სამუშაოები, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით, სს “ენერგო-პრო ჯორჯიამ” შეასრულა. ინფორმაციას დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ბარისახოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში ახლად მოწყობილი ელექტროგამანაწილებელი ქსელი მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, გოჩა ქავთარაძემ და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა, კახაბერ ჩიტაურმა, თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.

„ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტი მაღალმთიანი დასახლებების განვითარებაა. სოფლების ელექტროფიცირება მნიშვნელოვანი ნაბიჯია სოციალური თვალსაზრისით. ელექტროენერგიის მიწოდება ქმნის ახალ შესაძლებლობებს, ხელს უწყობს სოფლების განვითარებას, მოსახლეობის ადგილზე დამაგრებასა და დაბრუნებას.
ჩვენი მიზანია, მცხეთა-მთიანეთის ყველა სოფელს ჰქონდეს თანაბარი პირობები, როგორც ინფრასტრუქტურის, ისე სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. ვიცით, რომ აღნიშნული მიმართულებით გვაქვს გარკვეული გამოწვევები, თუმცა ყველა შესაბამისი უწყების ჩართულობით, აქტიურად ტარდება სათანადო ღონისძიებები.“ – განაცხადა გოჩა ქავთარაძემ.

თვითმმართველობის წარმომადგენლების თქმით, მოსახლეობის ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად, ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინირებული მუშაობა ინტენსიურად გაგრძელდება.

„აღნიშნული სოფლების ელექტროფიცირება საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო ჩართულობით მოხდა. აქ ელექტროენერგია მანამდე არასდროს ყოფილა. დუშეთის მუნიციპალიტეტის დაახლოებით 70% მაღალმთიანია. ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომ მთას დავუბრუნოთ მთიელი. ეს იქნება ჩვენი ქვეყნის გაძლიერება.“ – განაცხადა კახაბერ ჩიტაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები