რომან კაკულია: შესაძლოა, ბანკებმა საშეღავათო პერიოდი გააგრძელონ

​„ეროვნული ბანკის შესაფასებელია, როგორ აისახა ბანკების პორტფელზე საპროცენტო განაკვეთების შემოსავლების დანაკლისი და როგორია მისი თანაფარდობა მათ მიერ მიღებულ დახმარებასთან. შესაძლოა, მათ ჰქონდეთ კიდევ ერთი-ორი თვის განმავლობაში ამის გაკეთების შესაძლებლობა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რომან კაკულიამ განაცხადა.

მისი თქმით, დაბეჯითებით არაფრის თქმაა შესაძლებელი, სანამ მთლიანი ანალიზი არ გაკეთდება.

„რა თქმა უნდა, მათთვის, ვინც სამსახური დაკარგა, ეს სამთვიანი გადავადება საკმარისი ნამდვილად არ არის, მაგრამ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ბანკებისთვის ეს გარკვეული შემოსავლების დანაკლისი იყო  რა თქმა უნდა, მეორე მხრივ, მათ ვთხოვთ, რომ ძალიან აქტიურად ჩაერთონ განვითარებისა და დაკრედიტების პროცესებში. თუმცა, რამდენად შეუძლიათ ეს ბანკებს,  უნდა შევაფასოთ იქედან გამომდინარე, რა ტიპის დანაკლისი მიიღეს მათ დაკარგული საპროცენტო განაკვეთების შემოსავლების დაკარგვით, ზოგადად და როგორია ახლა თანაფარდობა იმ ფულისა, რომელიც მათ მიეცათ დახმარების ფარგლებში. ეს ბალანსია დასანახი, თუ მათ მიღებული დახმარების ფონზე, რაც ბანკებს მიეცათ და კიდევ ბევრი ნაბიჯები გადაიდგა მათ დასახმარებლად, შესაძლოა, მათ ჰქონდეთ კიდევ ერთი-ორი თვის განმავლობაში ამის გაკეთების შესაძლებლობა. მაგრამ დაბეჯითებით ვერ გეტყვით, სანამ ამის მთლიანი ანალიზი არ გაკეთდება”, – განაცხადა რომან კაკულიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები