ლევან დავითაშვილი: ჩვენი სტრატეგიული მიმართულებები არ შეცვლილა – აქცენტი ყოველთვის გვქონდა ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობაზე
„ჩვენი სტრატეგიული მიმართულებები არ შეცვლილა – ჩვენ აქცენტი ყოველთვის გვქონდა ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობაზე”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გრძელდება მიმართულებების მხარდაჭერა – ეს არის ფერმერების კონკურენტუნარიანობის ზრდა, მეტი კომერციალიზაცია, მეტი კოოპერაცია იმისთვის, რომ ისინი იყვნენ კონკურენტუნარიანები და მდგრადები.
“პროდუქტიულობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდა არის ის მიმართულებები, რომლებიც ჩვენ დამტკიცებულ სტრატეგიებში გვაქვს და რომლებსაც, სხვადასხვა სამოქმედო გეგმის მიხედვით, სამინისტრო ახორციელებს შესაბამისი სახელმწიფო პროგრამებით. ეს პროგრამები დაფინანსებულია ბიუჯეტიდან. დამატებითი დახმარების პაკეტი, რომლის პრეზენტაციაც რამდენიმე დღის წინ გვქონდა, უკავშირდება კრიზისს. არაერთხელ განგვიცხადებია და პრემიერმა დღესაც განაცხადა, რომ პანდემიით გამოწვეული კრიზისი შესაძლებლობებად უნდა ვაქციოთ.
ჩვენი ბევრი თანამოქალაქე მიუბრუნდა სოფელს და დაიწყო ფერმერული საქმიანობა იქედან გამომდინარე, რომ ეკონომიკის სტრუქტურა გარკვეულწილად შეიცვალა. როდესაც ადამიანებს ჰქონდათ შეზღუდული სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობა, ობიექტური პირობებიდან გამომდინარე, როდესაც გვქონდა შეზღუდული მობილობა, მკაცრ საკარანტინე პირობებში ფერმერული საქმიანობა, დაშვებული იყო არა მხოლოდ საქართველოში, ფაქტობრივად, ყველა ქვეყანაში. ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ღია სივრცეში მუშაობა ნაკლები რისკის მომტანია, რაც, შესაბამისად, შესაძლებლობებს ქმნის ჩვენი მოქალაქეებისთვის, ვისაც მიწა აქვს ლეგალურად, რომ ფერმერული საქმიანობა განავითარონ. სწორედ ამიტომ, ჩვენ მათ ახალ შესაძლებლობებს ვაძლევთ. ვფიქრობთ, რომ აბსოლუტურად ლოგიკურია და თანხვედრაშია იმ პოლიტიკასთან, რომელიც გვაქვს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ სტრატეგიული მიმართულებების მხარდაჭერას – ეს არის ფერმერების კონკურენტუნარიანობის ზრდა, მეტი კომერციალიზაცია, მეტი კოოპერაცია იმისთვის, რომ ისინი იყვნენ კონკურენტუნარიანები და მდგრადები. რა თქმა უნდა, აქცენტი კვლავ გვაქვს მაღალი ღირებულების და საექსპორტო კულტურებზე. სამინისტროს არცერთ პროგრამაში კორექტირება არ გაუკეთებია ამ კუთხით. აქცენტი იქნება მეხილეობის იმ მიმართულებებზე, რომელსაც სახელმწიფო ბოლო წლებია, ინტენსიურად აფინანსებს. უახლოეს ხანში, ეს იქნება მრავალმილიონიანი შემოსავალი, მათ შორის, საექსპორტო შემოსავალი ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ყოველწლიურად დავინახავთ, თუ როგორი მზარდი იქნება შემოსავალი ახალგაშენებული, თანამედროვე, ინტენსიური ბაღებიდან, რომელსაც სახელმწიფო, თანადაფინანსების კუთხით, მხარს უჭერს.
კრიზისი გადაივლის, რა თქმა უნდა, გაძლიერდება და რეცესიიდან გამოვა მსოფლიო ეკონომიკა და ამ მაღალი ღირებულების კულტურებზე მოთხოვნა დაბრუნდება. 2020 წლის პროგნოზი ასევე ძალიან კარგია თხილის კულტურაზე, რომელიც ჩვენი საექსპორტო პოტენციალის დიდ ნაწილს, აგროსასურსათე პროდუქტის, ფაქტობრივად, თითქმის მესამედს წარმოადგენს. ამ მიმართულების მხარდაჭერა წელსაც ძალიან მსხვილი პაკეტით არის გათვალისწინებული“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.