ეკა ბესელია: პოზიცია ერთიანია, რომელიც ეხება ამ შეთანხმების შესრულებას ხელისუფლების მხრიდან
დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილება არ ჩავარდება იმ მიზეზით, რომ მას ხმები დააკლდება. როგორც მან “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, აუცილებელია, გააგრძელონ ძალისხმევა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რათა ხელისუფლებამ შეასრულოს ვალდებულებები.
„ჯერ კენჭისყრამდე დრო არის. ალბათ, ერთი თვე მაინც დააგვიანდება. იქამდე, ბუნებრივია, ბევრი რამ იქნება გადამწყვეტი. საბოლოოდ როგორ პოზიციას აირჩევს მმართველი პარტია. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ მან ეს შეთანხმება დაარღვია, თუ ეს შეთანხმება ჩავარდა, პასუხისმგებლობა სრულად გადავა მმართველ პარტიაზე. მათ უნდა გაიაზრონ ეს პოზიცია. მივიღეთ საერთო განცხადება, რომელსაც მხარს ყველა ვუჭერთ. კენჭისყრის ეტაპზე ყველა იტყვის, ვინ რას დაუჭერს ან არ დაუჭერს მხარს. პოზიცია ერთიანია, რომელიც ეხება ამ შეთანხმების შესრულებას ხელისუფლების მხრიდან.
სწორია ეს პრინციპული მოთხოვნა. ამ მოთხოვნაში ჩვენ საერთო პოზიცია გვაქვს იმიტომ, რომ ამ შეთანხმებას ხელი ყველამ მოვაწერეთ. უბრალოდ, მე ვფიქრობ, რომ როდესაც კენჭისყრაზე დადგება ეს საკითხი და თუ ხმები არ ეყოფა მმართველ პარტიას, ასეთ ვითარებაში მე არ მინდა, რომ ჩვენი ან ჩემი მიზეზით ეს სისტემა არ შეიცვალოს და ეს პატიმრები ციხეში დიდი ხნით დარჩნენ.
ვთქვით, რომ გვექნება დამატებითი კონსულტაციები. მთავარი არის, რომ ერთნაირად ვუყუროთ ამ პროცესს. ეს არის ხელისუფლების ვალდებულება, რომ ორივე პუნქტი შესრულდეს“, – განაცხადა ბესელიამ.