“მინდა, რაჭულ ფოლკლორს ჯაზის ელემენტები შევმატო”-  ამბროლაურელი ფოლკლორისტის დიდი გეგმები 

დავით სხირტლაძე ამბროლაურელია. რაჭული ფოლკლორის სიყვარული გენებში მოსდგამს. ის დათუნიკა სხირტლაძის ბიძაშვილობით ამაყობს. როგორც თვითონ ამბობს, დედის გენეტიკა სოფელ წესიდან – მაისაშვილებიდან მოჰყვება, რადგან ამ გვარიდან თითქმის ყველა კარგად მღეროდა.

რაჭული ფოლკლორის შესისხლხორცება ბავშვობიდანვე დაიწყო. შემდეგ იყო ცნობილი რაჭული ჯგუფი“რაეო“, სადაც, დათუნიკა სხირტლაძესთან ერთად, მაყურებლის ოვაციიის გემოს გრძნობდა .

“4 წლის წინ, სახელოვანი რაჭული ანსამბლი“რაეო“ გვყავდა , რომელსაც დათუნიკა ხელმძღვანელობდა. ვგეგმავდით, რაჭული ფოლკლორი სულ სხვა ხარისხში აგვეყვანა და სხვადასხვა ინსტრუმენტებთან შეხამებას ვფიქრობდით. გვინდოდა, ისედაც ლამაზი რაჭული ფოლკლორი, უფრო მეტად გაგველამაზებინა, გარკვეულწილად მოვახერხეთ კიდეც, მაგრამ მერე დათო გარდაიცვალა და რაჭაში რაღაც ეპოქა დასრულდა თითქოს“, – უყვება „რეგიონულ კვირას“ დავით სხირტლაძე.

ანსამბლის დაშლის შემდეგ, სხვა ადამიანებთან ერთად, ახალი ჯგუფის შექმნა გადაწყვიტა.  ჯგუფი კულტურის ცენტრში შეიქმნა კიდევაც, მაგრამ პანდემიამ როგორც ყველგან, რეალობა აქაც შეცვალა.

“ამბროლაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრს მოვაკითხე, აქ საუცხოო გარემოა, სისუფთავე, წესრიგი, კარგი ინფრასტრუქტურა. 10 მოსწავლე მყავს. პანდემიის დასაწყისში 2-3 ბავშვი მოდიოდა, შემდეგ ესეც რომ აიკრძალა, ონლაინ სწავლებაზე გადავედით და მეცადინეობები არასდროს ჩაგვიგდია. იცით? ძნელია ამ სფეროში ასეთი მეთოდით სრულყოფილებას მიაღწიო, ბგერას რომ ვაწვდი მოგვიანებით მიდის,მაგრამ სულ გაცდენას ასე ნამდვილად სჯობდა“,-ამბობს რაჭული ფოლკლორის მოამაგე.

კომპიუტერის ეკრანებს მიღმა მოსწავლეები დავით მასწავლებელს ონლაინ , სხვადასხვა ინსტრუმენტების თანხლებით “აძლევენ ბანს“ და როგორც თვითონ ამბობენ “რაჭულ ფოლკლორს „აჯაზებენ“.

“რაჭული ფოლკლორი ინსტრუმენტებში უნდა გადავიყვანო. ყველას პირობას ვაძლევ, ამ სინთეზში ღირებული არაფერი დაიკარგება,პირიქით, გალამაზდება. მინდა, ჯაზის ელემენტები შევმატო“,– ამბობს სხირტლაძეთა შთამომავალი.

რაეოს“ დაშლას დღემდე განიცდის. დიდი სურვილი აქვს, მსგავსი ჯგუფი კიდევ ამშვენებდეს სცენას და ამიტომ, აპირებს ამ ჯგუფის სახელობის ფოლკლორული ანსამბლი შექმნას.

“მინდა, პატარა წვლილი შევიტანო ჩემი კუთხის ფოლკლორის უკვდავებასა და პოპულარიზაციაში. ფოლკლორის ეროვნულმა ცენტრმა ყველა რეგიონში შესაშური საქმე გააკეთა -ფოლკლორული წრეები თითქმის ყველგან ფუნქციონირებს. ამ სფეროში პროფესიონალებს უნდა დავეყრდნოთ, ჩვენი კულტურა დავხვეწოთ,ჩვენს კუთხეებს დავუბრუნდეთ,ძირი და ფესვი მომავალ თაობებში გადავნერგოთ. კუთხეების ფოლკლორი ასეთი დამოკიდებულებით არც მოკვდება და არც დაიკარგება“,-ამბობს რაჭული ფოლკლორის პედაგოგი დავით სხირტლაძე.

                    მარინე სვანიძე

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები