იცავს თუ არა ნიკოტინი კორონავირუსით დაინფიცირებისგან – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტება
“მოწევა COVID-19-ით ინფიცირებულთა მდგომარეობის გაუარესებას იწვევს”, – განაცხადეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში.
მათი განმარტებით, ახალი ტიპის კორონავირუსი ინფექციური დაავადებაა და, პირველ ყოვლისა, ის ფილტვებს უტევს.
აღინიშნება, რომ მოწევა ფილტვების ფუნქციონირებას აზიანებს, რითაც ართულებს ორგანიზმის ბრძოლას კორონავირუსთან ან სხვა ინფექციებთან.
გარდა ამისა, მწეველებში კორონავირუსთან ერთად სხვა დაავადებების პროგრესირება იწყება.
ჯანმო-ში მოსახლეობას ახსენებენ, რომ მოწევა, ასევე, გულ-სისხლძარღვთა, ონკოლოგიური, რესპირატორული დაავადებების, დიაბეტის დროს მაღალ რისკფაქტორს იწვევს.
მანამდე, საფრანგეთის ეროვნული სამეცნიერო კვლევების ცენტრის, ჯანდაცვისა და სამედიცინო კვლევების ეროვნული ინსტიტუტის, AP-HP-სა და პასტერის ინსტიტუტის მეცნიერებმა ყურადღება იმაზე გაამახვილეს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის მწეველების დაბალი პროცენტია.
ამასთან დაკავშირებით მათ ჰიპოტეზაც გამოთქვეს, რომ COVID-19-ით ინფიცირების დროს ისეთი რეცეპტორები ირთვება, რომლებიც ნიკოტინზე რეაგირებენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ადამიანის სისხლში ნიკოტინია, ვირუსი მის იერიშს არ დაიწყებს.