გიორგი გახარია: ყველა ფერმერი ერთ ჰექტარზე 150 ლიტრ დიზელის საწვავს მიიღებს, რაც იქნება გარანტირებულ საბაზრო ფასზე ერთი ლარით იაფი
“ყველა ფერმერი ერთ ჰექტარზე 150 ლიტრ დიზელის საწვავს მიიღებს, რაც იქნება გარანტირებულ საბაზრო ფასზე ერთი ლარით იაფი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის საწვავის ფასი კრიტიკულად მნიშვნელოვანია და მთავრობა მუშაობს ამ პრობლემის გადასაწყვეტად არა მხოლოდ მიმდინარე წელს, არამედ – მომავალი წლებისთვის.
„საერთოდ, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის საწვავის ფასი არის კრიტიკულად, სისტემურად მნიშვნელოვანი და ჩვენ ვმუშაობთ ამ პრობლემის გადასაწყვეტად არა მხოლოდ კრიზისში, წელს, არამედ – მომავალი წლებისთვის და გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ აგროდიზელის ფასი მნიშვნელოვნად იაფი იქნება, ვიდრე – დიზელის ფასი ბაზარზე”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.