მუხროვანის კადრები, სავარაუდოდ, დათა ახალაიამ გაავრცელა

   კავკასიის საკითხებში ექსპერტ მამუკა არეშიძის შეფასებით, მუხროვანის მოვლენებზე გავრცელებული სკანდალური ვიდეომასალა ხელისუფლების დაჯგუფებებს შორის დაპირისპირების შედეგია. ამის შესახებ არეშიძემ გაზეთ “კვირის პალიტრისთან“ ინტერვიუში ისაუბრა. არეშიძე არ გამორიცხავს, რომ გავრცელებული ვიდეომასალის უკან დათა ახალაია იდგეს. არეშიძის თქმით, ნათელია, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში” ერთმანეთის ჩაძირვით ბევრი პირია დაინტერესებული.
“ჩემი აზრით, ინტერნეტში ვიდეომასალის გავრცელება ყოფილი ხელისუფლების დაჯგუფებებს შორის მიმდინარე დაპირისპირების შედეგია. ყველა ხედავს, რომ ახალაიების მხარდამჭერები ვანო მერაბიშვილს რუსეთის აგენტს უწოდებენ, ვანოს მომხრეები კი მიწაში დებენ ძმებ ახალაიებს. ვიცი, რომ საზღვარგარეთ მყოფი ძველი ხელისუფლების რამდენიმე წევრი ცდილობს, თავისი თანაგუნდელების შესახებ კომპრომატები კარგად გაასაღოს. მაგალითად, ჩემი ინფორმაციით, სამართალდამცველებს სამეგრელოს სამალავებზე დათა ახალაიამ მიუთითა. პირდაპირ გეტყვით, ვაჭრობა მიმდინარეობს დათა ახალაიასა და ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელს შორის. დეტალებს ვერ დავაკონკრეტებ. ისიც ფაქტია, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში” ბევრი პირია დაინტერესებული ერთმანეთის ჩაძირვით. მოკლედ, არ გამოვრიცხავ, რომ გავრცელებული ვიდეომასალის უკან დათა ახალაია იდგეს“,-აცხადებს ექსპერტი გამოცემასთან საუბრისას. ამასთან, მამუკა არეშიძე არ გამორიცხავს, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში” კომპრომატებით დაპირისპირება გაგრძელდეს. “არ არის გამორიცხული, მართლაც, გაგრძელდეს კომპრომატების სერიალი ჟანრიდან “დაპირისპირება “ნაციონალურ მოძრაობაში”,-აცხადებს არეშიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები